ტურიზმი

საქართველოში შემოსვლაზე ყველაზე მეტ უარს ინდოეთის მოქალაქეებს ეუბნებიან

ნარენდრა მოდი დელიში
Getty Images

ტაბულამ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გამოითხოვა ინფორმაცია იმის შესახებ თუ რომელი ქვეყნების მოქალაქეებს უებნებიან უარს საქართველოში შემოშვებაზე.

შსს-ს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ვიზიტორების რაოდენობის ზრდასთან ერთად გაზრდილია საზღვრიდან გაბრუნებული უცხოელების რაოდენობაც. წლის პირველი 10 თვის განმავლობაში საქართველოში შემოსვლაზე უარი 1 202 ინდოელ ვიზიტორს ეთქვა. ამავე პერიოდში ქვეყანაში 47.5 ათასი ინდოელი ვიზიტორი იმყოფებოდა, ეს კი ნიშნავს, რომ საქართველო ინდოელების 2.5%-ს საზღვარზე არ უშვებს.

საზღვრიდან გაბრუნებული 5 507 პირიდან 21% ინდოეთის მოქალაქეა, შემდეგ ადგილებზე თურქეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეები მოდიან. რეიტინგში ახლო აღმოსავლეთის და აზიის ქვეყნები ლიდერობენ. 

საქართველოდან გაბრუნებული პირები მოქალაქეობის მიხედვით:

  1. ინდოეთი - 1 202
  2. თურქეთი - 624
  3. აზერბაიჯანი - 544
  4. რუსეთი - 490
  5. სირია - 383
  6. უზბეკეთი - 334
  7. თურქმენეთი - 206
  8. პაკისტანი - 195
  9. პალესტინა - 139
  10. სომხეთი - 132

ინდოეთის მოქალაქის უკან გაბრუნების ერთ-ერთი ცნობილი შემთხვევა 2017 წლის ივლისში მოხდა, როდესაც საზღვარზე საქართველოში სამოგზაუროდ ჩამოსული ქუშბუ კაუშალი არ შემოუშვეს.

კაუშალის თქმით, თან ყველა საჭირო დოკუმენტი ქონდა: ვიზა, დამსაქმებლის წერილი, სადაც ეწერა, შვებულების შემდეგ უკან ბრუნდებოდა, საბანკო ამონაწერი, სასტუმროს ჯავშანი, ჯანმრთელობისა და სამოგზაურო დაზღვევა.

წელს საქართველოში ინდოელი ვიზიტორების ნაკადის ზრდა შეიმჩნევა. 2017 წლის 10 თვეში ქვეყანაში 47.5 ათასი ვიზიტორი შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 70%-ით მეტია.

კომენტარები