სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე

რას ამბობენ ადამიანები, რომელთა ევაკუაცია, სპეცოპერაციის მიუხედავად, არ მოხდა

Reuters

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა ამბობს, რომ მოთხოვნის მიუხედავად, სპეცოპერაციის დროს მხოლოდ ერთი სადარაზოდან მოხდა ევაკუაცია.

#9 კორპუსში მცხოვრები ადამიანები ტაბულასთან ყვებიან, რომ შენობა ავარიულია და სარემონტო სამუშაოების ჩატარებაც კი არ შეიძლება. მიუხედავად ამისა, მათი თქმით, მხოლოდ მას შემდეგ გაიყვანეს კორპუსიდან, როცა გაიგეს, რომ ბრალდებულებს სარდაფიდან სადარბაზოებს შორის გადაადგილება შეეძლოთ.

"პირველ სადარბაზოში ვცხოვრიბთ ჩვენ, მესამეში იყო ტერაქტი. არანაირი გაფრთხილება არ ყოფილა. მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყველაფერი კარგად იყო და მშვიდად დავიძინეთ. არც ერთ კარზე არ დაუკაკუნებიათ, იყო საშუალება, რომ გავსულიყავით მშვიდად. დილით, 05:00 საათზე გაგვაღვიძა აფეთქების ხმამ და მერე ამ რეჟიმში ვიყავით დაახლოებით 12:00 საათამდე. გამოგვიშვეს ჩვენი დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ. მთელი ერთი საათი ვუხსნიდი სპეცრაზმს, რომ კორპუსი არის ავარიული. რა ინსტანციაში არ ვრეკე, ყველა ცხელი ხაზზე ვრეკავდი, გაგვიშვით კორპუსიდან, არ მომხდარა ევაკუაცია-მეთქი. ვეხვეწებოდით, ბავშვები მაინც გაეყვანათ, მე გავიყვან-მეთქი. ერთი თვის ბავშვი ჰყავს მეზობელს. კორპუსი ავარიულია და ეს აფეთქებები ორმაგად საშიში იყო. სპეცრაზმის წევრები ფანჯრებთან რომ დაგვინახავდნენ, ყვიროდნენ, შიგნით შედითო. არ ვიცი, როგორი 16 საათი იყო. სხვა გამოსავალი რომ არ ჰქონდათ და იცოდნენ, სარდაფში იყვნენ ისინი, მერე გაგვიშვეს. სპეცრაზმის წევრეებმა გვკითხეს, იმ დუპლექსს, სადაც ისინი იყვნენ, აქვს თუ არა სარდაფი. მერე იკითხეს, შესაძლებელი იყო თუ არა იმ სარდაფიდან ჩვენთან გადმოსვლა. დადებითი პასუხის შემდეგ გაგვიშვეს შენობიდან. უშუალოდ სარდაფთან ვიდექით ჩვენ და თან ძალიან ბევრნი ვიყავით, მთელი სადარბაზო, ფიზიკურად ვერ გვჩერებდნენ და გამოგვიშვეს", - ამბობს ადგილობრივი ტაბულასთან, რომელმაც ვინაობის გასაჯაროვება არ ისურვა.

მისი თქმით, 21 ნოემბერს, დაახლოებით 21:00 საათზე კანტიკუნტად დაიწყო სროლები, 23:00 საათისკენ კი, მისგან წასულ სტუმარს ეზოდან მანქანის გაყვანის საშუალება აღარ მისცეს. 

"მომწერა, მანქანა არ გამაყვანინეს, ხომ მშვიდობააო. ასე გავიგეთ, თორემ შეიძლება საერთოდ ვერ გაგვეგო ვერაფერი დიდხანს. მაგ დროს ჩვენ შეგვეძლო კორპუსის დატოვება. მშვიდად დავიძინეთ, რადგან ითქვა, რომ არაფერი საგანგაშო არ იყო", - ამბობს რესპონდენტი.

მისი თქმით, უნახავს ის პირები, ვის წინააღმდეგაც იყო სპეცოპერაცია, თუმცა არ აქვს ინფორმაცია, ცხოვრობდნენ თუ არა მათთან ქალი და ბავშვები. რესპონდენტი ამბობს, რომ მეზობლად ჩეჩნების ოჯახი ცხოვრობს და ბავშვები იმათ ჰყავთ. 

"რამდენჯერმე, დილით სამსახურში რომ მივდიოდი, მინახავს ეს კაცები. მაგრამ ძალიან მშვიდად მოძრაობდნენ. სავარაუდოდ, ჩეჩნები იყვნენ, ვიზუალით ეგრე ვიფიქრე. არაფერი სარისკო არ შემიმჩნევია, მოწესრიგებულები იყვნენ და მშვიდად დადიოდნენ. ქალებიც ცხოვრობდნენ თუ არა არ ვიცი, მეზობლად კიდევ ცხოვრობს ჩეჩენი ოჯახი და იმათ ჰყავთ ბავშვები. ისინი ნამდვილად მინახავს ეზოში, ძალიან კარგი ოჯახია", - ამბობს რესპონდენტი.

იმის შესახებ, რომ სპეცოპერაციის შესახებ არანაირი გაფრთხილება არ ყოფილა, საუბრობს კორპუსის კიდევ ერთი მაცხოვრებელი. მისი თქმით, მხოლოდ მესამე სადარბაზო გააფრთხილეს სპეცოპერაციამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე.

"სპეცოპერაციის შესახებ გავიგეთ ღამით, შემდეგ ასევე მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ დასრულდა და დავიძინეთ. სადღაც 04:00-05:00 საათზე გაგვაღვიძა აფეთქების ხმამ. არავის გავუფრთხილებივართ, არავინ მოსულა. როგორც ვიცი, გააფრთხილეს მხოლოდ მესამე სადარბაზო, სადაც იყო სპეცოპერაცია, დაახლოებით ერთი საათით ადრე, სანამ აფეთქებები მოხდებოდა", - ამბობს ის ტაბულასთან.

სპეცოპერაციის ჩატარების ადგილიდან დაახლოებით 100 მეტრში, გვერდით კორპუსში ცხოვრობს ანა კობახიძე. ის ტაბულას უყვება, რომ მოსახლეობა არავის გაუფრთხილებია და არც ევაკუაცია მომხდარა.

"გვერდით კორპუსების ევაკუაცია საერთოდ არ მომხდარა. საერთოდ, იმ კორპუსშიც, სპეცოპერაცია სადაც იყო, მხოლოდ იმ სადარბაზოში მოხდა. დანარჩენი ორი სადარბაზოდან თვითონ გამოვიდნენ დილით და პოლიცია დაეხმარა მშვიდობიანად გასვლაში.
ჩვენი კორპუსი განსაკუთრებით ახლოსაა სპეცოპერაციის ადგილიდან, 100 მეტრზე ნაკლებია მანძილი. მე ჩემი გადაწყვეტილებით ბავშვი გავიყვანე და საღამოს დავბრუნდი, როცა გადავამოწმე, რომ უსაფრთხო იყო. ჩვენს კორპუსთანაც იდგა სპეცრაზმი და ჩემი ოჯახის წევრები, ვინც დარჩა, ყვებიან, რომ პოლიცია ანიშნებდა, არ გამოეხედათ ფანჯრიდან და ა.შ.", - ამბობს ანა კობახიძე.

ტაბულას კიდევ ერთი რესპონდენტი, რომელიც სპეცოპერაციის ადგილიდან მესამე კორპუსში ცხოვრობს, ამბობს, რომ დაახლოებით ერთი წლის წინ ბინაში ქალი და ბავშვიც ცხოვრობდნენ, თუმცა მერე იგივე ბინა სხვებმა იქირავეს.

"ქალი და ბავშვი იყო, ჩემი ბავშვის სკოლაში სწავლობდა. კაი ხანია არ მინახია, მარა მანდ ჩეჩნები რომ იყვნენ და სკოლაში სწავლობდა ერთ-ერთი ბავშვი, ვიცოდი. ამას ვიძახი ერთი წლის ამბავს და მერე ვინ გაიცვალა და გადაიცვალა, არ ვიცი", - ამბობს ამირან კაპანაძე ტაბულასთან.

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია დაახლოებით 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. პირველი ოფიციალური განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 22 ნოემბერს, დაახლოებით 12:00 საათზე გაავრცელა. უწყებამ ერთი დაკავებულის შესახებ განაცხადა და ბრალდებულებს ტერორისტული ორგანიზაციის წევრები უწოდა. სუს-ის ინფორმაციითვე, ისინი საქართველოს მოქალაქეები არ არიან. გარდა ამისა, უწყებამ განაცხადა, რომ მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, განხორციელდა ადგილობრივი მაცხოვრებლების ევაკუაცია იმ სადარბაზოდან, რომელშიც უშუალოდ მიმდინარეობდა სპეცოპერაცია და ასევე მიმდებარე ტერიტორიიდან.

17:30-ზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა, რომ სპეცოპერაცია დასრულდა. ტერიტორია დატოვა სპეცტექნიკამ.

უწყების ინფორმაციით, "დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის 1 წევრი და ლიკვიდირებულია - 3".

სპეცოპერაციის შედეგად, გარდაიცვალა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთი თანამშრომელი და დაიჭრა ორი. ასევე, დაჭრილია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 2 თანამშრომელი.

დღეს, 23 ნოემბერს ცნობილი გახდა ისიც, რომ დაკავებული პირი რუსეთის მოქალაქეა. ამის შესახებ დაკავებულის ადვოკატმა იმედა ქარქაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ადვოკატი დაკავებულის ვინაობას არ ამხელს.

ამ დრომდე უცნობია, რომელი მუხლით მიმდინარეობს გამოძიება.

რა შედეგებით დამთავრდა ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაცია და როგორი იყო მისი ქრონოლოგია, წაიკითხეთ აქ.

კომენტარები