სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე

გახარია: პირველადი მონაცემებით, ტერორიზმში ბრალდებულები არალეგალურად შემოვიდნენ

ვიცეპრემიერი გიორგი გახარია
ტაბულა

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას თქმით, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე, ყველა დეტალი დგინდება. ამასთან, გახარიამ თქვა, რომ პირველადი მონაცემებით, ტერორიზმში ბრალდებულები საქართველოში არალეგალური გზით შემოვიდნენ.

"ერთმნიშვნელოვნად მინდა, მოგახსენოთ, რომ ყველა დეტალი, ყველა ნიუანსი დღეის მდგომარეობით დგინდება. პირველადი მონაცემებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო არალეგალური გზა და შესაბამისად, უახლოეს პერიოდში, ეს ყველა დეტალი იქნება გამოკვლეული და გექნებათ ყველა კითხვაზე პასუხი" - თქვა გახარიამ.

ერთ კვირაზე მეტი გავიდა, რაც თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე კონტრტერორისტული ოპერაცია ჩატარდა, თუმცა, საქმის დეტალები აქამდე უცნობია.

საზოგადოებამ ოფიციალურად არ იცის - ვინ იყვნენ ადამიანები, ვინც სამართალდამცველებს თითქმის 20 საათის განმავლობაში უწევდა წინააღმდეგობას. ოფიციალურად ამ დრომდე არ დასტურდება, სპეცოპერაციის დროს ნამდვილად ISIS-ის მებრძოლი, ლაფანყურის სპეცოპერაციის ერთერთი მონაწილე ახმედ ჩატაევი მოკლეს თუ არა. კითხვები არსებობს იმაზეც, როგორ მოხვდა ე.წ დანაშაულებრივი ჯგუფი საქართველოში და რა მიზანი ჰქონდათ მის წევრებს - აპირებდნენ თუ არა ტერაქტის მოწყობას და როგორ შემოიტანეს იარაღი ქვეყანაში. ამ და სხვა კითხვებზე პასუხის გასაცემად საპარლამენტო უმცირესობამ იუსტიციის მინისტრი და სუს-ის უფროსი პარლამენტში უკვე დაიბარა.

ვრცლად, რა ვიცით და რა არ ვიცით სპეცოპერაციის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

კომენტარები