სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე

კონტრტერორისტული ოპერაციიდან 1 კვირა გავიდა - რა ვიცით და რა არ ვიცით

0 კომენტარი

ზუსტად ერთი კვირა გავიდა, რაც თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე კონტრტერორისტული ოპერაცია ჩატარდა, თუმცა, საქმის დეტალები აქამდე უცნობია. საზოგადოებამ ოფიციალურად არ იცის - ვინ იყვნენ ადამიანები, ვინც სამართალდამცველებს თითქმის 20 საათის განმავლობაში უწევდა წინააღმდეგობას. ოფიციალურად ამ დრომდე არ დასტურდება, სპეცოპერაციის დროს ნამდვილად ISIS-ის მებრძოლი, ლაფანყურის სპეცოპერაციის ერთერთი მონაწილე ახმედ ჩატაევი მოკლეს თუ არა. კითხვები არსებობს იმაზეც, როგორ მოხვდა ე.წ დანაშაულებრივი ჯგუფი საქართველოში და რა მიზანი ჰქონდათ მის წევრებს - აპირებდნენ თუ არა ტერაქტის მოწყობას და როგორ შემოიტანეს იარაღი ქვეყანაში. ამ და სხვა კითხვებზე პასუხის გასაცემად საპარლამენტო უმცირესობამ იუსტიციის მინისტრი და სუს-ის უფროსი პარლამენტში უკვე დაიბარა. ქართული ოცნების დეპუტატის ირაკლი სესიაშვილის ინფორმაციით, "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოთქვამს მზადყოფნას, პარლამენტში ნდობის ჯგუფის წინაშე წარდგეს და პირველადი ინფორმაცია გააცნოს ჩატარებული სპეცოპერაციის და ამ მოვლენის შესახებ". თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ბრალდებულ და ლიკვიდირებულ პირთა ვინაობა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ და ლიკვიდირებულ პირთა შესახებ ინფორმაციას აქამდე არ ასაჯაროებს. ითქვა მხოლოდ ის, რომ სპეცოპერაციის დროს სამი მათგანის ლიკვიდაცია მოხდა, ხოლო ერთი - დაკავებულია.

სუს-მა პირველ ოფიციალურ განცხადებაში თქვა, რომ "მიმდინარეობს აღნიშნული პირების ვინაობის სრული იდენტიფიკაცია“, შემდეგ კი, ბრალდებულებზე რამდენიმეკვირიანი დაკვირვების შესახებ ისაუბრა. უპასუხოდ დარჩა კითხვა - თუ ვინაობა არ იცოდა, ვის აკვირდებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ან რამდენიმე კვირის განმავლობაში როგორ ვერ შეძლო მათი იდენტიფიცირება. ოფიციალური პირები დღემდე აცხადებენ, რომ სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული პირები იდენტიფიცირებულები არ არიან.

უკვე რამდენიმე დღეა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ სპეცოპერაციის დროს ლაფანყურის სპეცოპერაციის ერთ-ერთი მონაწილე, ISIS-ის მებრძოლი, აშშ-ის მიერ ტერორისტთა საერთაშორისო სიაში შეყვანილი ახმედ ჩატაევი და მისი დაცვის წევრები მოკლეს. ჩატაევის ლიკვიდაციის ვერსია შინაგან საქმეთა ახალმა მინისტრმა არც უარყო და არც დაადასტურა. გახარიამ თქვა, რომ „ეს არის ვერსიები და ინტერპრეტაციები“ და გამოძიების დასრულებას უნდა დაველოდოთ. სუს-ის უფროსის ვახტანგ გომელაურის თქმით კი, "არის ეჭვი, რომ სპეცოპერაციის დროს დაღუპულებს შორის ახმედ ჩატაევიცაა".

ორი დღის წინ, რუსთავი 2-მა გაავრცელა სპეცოპერაციის ადგილზე გადაღებული ფოტო, რომელზეც ერთ-ერთი ლიკვიდირებული პირის სხეულის ნაწილები და ფეხის პროთეზი ჩანს. როგორც ცნობილია, ჩატაევს მარჯვენა ხელი და მარცხენა ფეხი არ ჰქონდა. ფოტოდან მისმა ახლობლებმა ჩატაევი ამოიცნეს. ვინ არის ახმედ ჩატაევი, ვრცლად წაიკითხეთ აქ.

რუსთავი 2 ასევე სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ მეორე ლიკვიდირებული პირი ISIS-ის კიდევ ერთი წევრი გურამ/ადამ გუმაშვილია, რასაც თავად გუმაშვილის ახლობლები არ ადასტურებენ. მათი თქმით, სპეცოპერაციის შემდეგ გავრცელებულ ფოტოზე ასახული მოკლული პირი გუმაშვილს ფიზიკურად არ ჰგავს და თან, ის სირიაში იმყოფება.

რაც შეეხება სპეცოპერაციის დროს დაკავებულს, არც ადვოკატი და არც პროკურატურა მის ვინაობას, მისივე სურვილით, არ ასახელებენ. ცნობილია მხოლოდ ინიციალები - ს.დ. თავიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ის ლაფანყურის სპეცოპერაციის კიდევ ერთი მონაწილე სურხო დუდაევი იყო, ორი დღის წინ კი, სააპელაციო სასამართლომ მედიას დაუდასტურა, რომ ტერორიზმში ბრალდებული - რუსეთის მოქალაქე საედ დუდაევია. (ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ სურხო დუდაევს შესაძლოა, ოფიციალურად, სახელი შეცვლილი ჰქონდეს). დაკავებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროცესი სრულიად დაიხურა. 

გარდა ამისა, რამდენიმე მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ სპეცოპერაციის დროს ორი ტერორისტი გაიქცა, რასაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ ადასტურებს. მათი ცნობით, "არ ვადასტურებთ იმ ინფორმაციას, რომ გაქცეულები არიან სხვა პიროვნებები. ვინც იმყოფებოდა ბინაში, ერთი არის დაკავებული, სამი - ლიკვიდირებული".

მიმდინარე გამოძიება

სპეცოპერაციის დასრულებიდან 24 საათის განმავლობაში უცნობი იყო მუხლი, რომლითაც მიმდინარეობდა გამოძიება. 23 ნოემბერს, დღის ბოლოს პროკურატურამ განაცხადა, რომ სპეცოპერაციის დროს ერთადერთ დაკავებულს ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებასა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებას, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის ტერორისტული მიზნით შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება. ბრალის წარდგენამდე დაკავებულის ადვოკატმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ის რუსეთის მოქალაქეა, სპეცოპერაციის დაწყებამდე დააკავეს და ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირში არ არის.

ამ დრომდე უცნობია სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული პირების მოქალაქეობაც. შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, გამოძიება მიმდინარეობს სხვა ქვეყნებშიც და საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმთან. თუმცა, არც ისაა ცნობილი, რომელ სხვა ქვეყნებში მიმდინარეობს გამოძიება, სამართალდამცავი უწყებები ამ კითხვას არ პასუხობენ.

რუსთავი 2 "სანდო წყაროზე" დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ მას შემდეგ, რაც ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ბინაში მყოფმა შეიარაღებულმა პირებმა ქართველი სპეცრაზმელი მოკლეს, სპეცოპერაციაში თურქული მხარე ჩაერთო და ბოლო რამდენიმე შტურმი ერთობლივად განახორციელეს. ამასთან, თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 22 ნოემბრის სპეცოპერაციაში ამერიკული მხარე მონაწილეობდა, რაც აშშ-ის ელჩმა უარყო. იან კელის განმარტებით, FBI-ს ექსპერტები გამოძიების პროცესში მხოლოდ სპეცოპერაციის შემდეგ ჩაერთნენ და ქართველ სამართალდამცველებს ტექნიკურ დახმარებას ამ დრომდე უწევენ. 

ქალი და ბავშვი ბინაში

სპეცოპერაციის დღესვე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბინაში ბრალდებულებთან ერთად ერთად ქალი და ბავშვებიც იყვნენ, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მალევე უარყო. თავდაპირველად, ბინაში ქალის და ბავშვის ყოფნის შესახებ კავკასიის ხალხთა ინტეგრაციის ფონდის ხელმძღვანელმა უმარ იდიგოვმა გაავრცელა. შემდეგ, პირველ არხთან საუბარში ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩის მცხოვრებმა თამაზ ჩიტაევმა თქვა, რომ ბინაში მცხოვრებ ქალებსა და ბავშვს ეზოში ხშირად ხედავდა. იმაზე, რომ სპეცოპერაციის სამიზნე ბინაში ქმარი, ცოლი და მცირეწლოვანი შვილი ცხოვრობდნენ, წყარო უყვება ლიბერალსაც.

მეზობლებს ესაუბრა ტაბულაც. ერთ-ერთი მათგანის თქმით, უნახავს ის პირები, ვის წინააღმდეგაც იყო სპეცოპერაცია, თუმცა არ აქვს ინფორმაცია, ცხოვრობდნენ თუ არა მათთან ერთად ქალი და ბავშვები. რესპონდენტი ამბობს, რომ მეზობლად ჩეჩნების ოჯახი ცხოვრობს და ბავშვები იმათ ჰყავთ. ტაბულას კიდევ ერთი რესპონდენტის თქმით კი, დაახლოებით ერთი წლის წინ ბინაში ქალი და ბავშვიც ცხოვრობდნენ, თუმცა მერე იგივე ბინა სხვებმა იქირავეს.

რა შედეგით დასრულდა 21-22 ნოემბრის სპეცოპერაცია და როგორი იყო მისი ქრონოლოგია, წაიკითხეთ აქ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ქებურია

კომენტარები