მიხეილ სააკაშვილი

უკრაინის პროკურატურა სააკაშვილის შესაძლო რუსულ დაფინანსებაზე ჩანაწერს აქვეყნებს

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ გამოაქვეყნა სატელეფონო ჩანაწერი, სადაც, მათი მტკიცებით, ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილისა და რუსეთში მიმალვაში მყოფი უკრაინელი ბიზნესმენის, სერგეი კურჩენკოს შორის საუბარია ასახული. ჩანაწერი ფრაგმენტი youtube-ზე EuroMaydan-ის არხზე აიტვირთა.

ადამიანი, კურჩენკოს მსგავსი ხმით ამბობს: "უკრაინაში მაქვს ბიზნეს-ინტერესები, მაქვს ფინანსური რესურსიც, ასევე, შესაძლებლობა რუსეთში სხვადასხვა კაბინეტში შესვლის. დაინტერესებული ვარ თქვენთან გარკვეული ხანგრძლივი ისტორიით. შესაძლებელია მოვლენების ასე განვითარება?".

ადამიანმა სააკაშვილის მსგავსი ხმით, უპასუხა: "ვფიქრობ, რომ ამ თემაზე სხვა ჩვენიანს უნდა დაელაპარაკოთ. პრინციპში, ეს ცალკე სასაუბროა და საჭიროა მასთან განიხილოთ.
ამის შემდეგ მხარეები თანხმდებიან სანდო ადამიანზე, რომელიც მოლაპარაკებებზე უნდა გაიგზავნოს".

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სააკაშვილმა უკრაინაში საპროტესტო აქციების გამართვისთვის დაფინანსება რუსეთისგან მიიღო. მისი თქმით, უკრაინულმა სპეცსამსახურებმა დროულად მოახერხეს კიევში "რუსული ზამთრის" მოწყობის გეგმის ჩაშლა. 

უკრაინის გენერალურმა პრკურორმა ასევე თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილმა 500 000 დოლარი ბიზნესმენ სერგეი კურჩენკოსგანაც მიიღო. გენპროკურორის განცხადებით, უკრაინელ სამართალდამცავებს ხელში ჩაუვარდათ აუდიო-ვიდეო მასალა, რომელზეც სააკაშვილისა და კურჩენკოს ფინანსური გარიგებებია აღბეჭდილი და ამ გარიგებებში რუსეთის ფედერაციის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურიც მონაწილეობს.

ცნობისთვის, სერგეი კურჩენკო უკრაინელი ბიზნესმენია, რომელიც 2014 წელს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ რუსეთში გადავიდა.

მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დღეს, 5 დეკემბერს დააკავეს. უკრაინული მედიით პირდაპირ ეთერში გადაიცა კადრი, რომელშიც ჩანს, რომ სააკაშვილს სპეცრაზმის წევრები სახურავზე აკავებენ. სააკაშვილის facebook გვერდზე დაიწყო პირდაპირი ეთერი, რომელშიც ასახულია თუ როგორ გაყავთ სამართალდამცავებს ის შენობიდან.

სამართალდამცავებმა მიხეილ სააკაშვილი ძალის გამოყენებით პოლიციის მიკროავტობუსში ჩასვეს, თუმცა ავტომობილი ადგილიდან ვერ დაძრეს, რადგანაც სააკაშვილის მხარდამჭერებს ქუჩა გადაკეტილი ჰქონდათ.

რამდენიმე საათში, აქციის მონაწილეებმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი პოლიციის მანქანიდან გადმოიყვანეს, რის შემდეგაც სააკაშვილი სიტყვით გამოვიდა და უკრაინის პრეზიდენტის იმპიჩმენტი მოითხოვა.

მალევე, დემონსტრანტებმა რადას შენობასთან გადაინაცვლეს, სადაც აქცია ამ დრომდე გრძელდება.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რომელიც უწყებამ მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემდეგ გაავრცელა, ოდესის ყოფილი გუბერნატორი დაკავებულია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლით წარმოებაში არსებულ საქმეზე. აღნიშნული მუხლი ეხება დანაშაულებრივი ჯგუფისთვის დახმარების გაწევას და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დაფარვას. მუხლი სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცნობილია ისიც, რომ ხვალ, 6 დეკემბერს გამართულ სასამართლოზე უკრაინის გენერალური პროკურატურა სააკაშვილისთვის ელექტრონული სამაჯურით 24-საათიანი შინაპატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, "მთავარ პროკურატურას უკრაინის გენერალური პროკურატურისგან არანაირი ინფორმაცია არ მიუღია". რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ექსტრადირებას, უწყებაში ამბობენ, რომ მათ უკრაინისათვის სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების თაობაზე შუამდგომლობა ისედაც გაგზავნილია. 

კომენტარები