ადვოკატი: დაკავებულმა სააკაშვილმა უვადო შიმშილობა გამოაცხადა

მიხეილ სააკაშვილის დაკავება
Reuters

კიევში მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის რუსლან ჩერნოლუცკის ინფორმაციით, დაკავებულმა მიხეილ სააკაშვილმა უვადო შიმშილობა გამოაცხადა. ადვოკატის თქმითქვე, მისი დაკითხვის პროცესში 4-ჯერ გახდა საჭირო ექიმის გამოძახება. ჩერნოლუცკი ამბობს, რომ სააკაშვილისთვის ბრალის წარდგენისას მის მიმართ 6 უხეში დარღვევა დაფიქსირდა, რასაც სასამართლოზე მტკიცებულებად გამოიყენებენ. 

"მიხეილ სააკაშვილმა უვადო შიმშილობა გამოაცხადა. ის ასევე წინააღმდეგობას გაუწევს სავალდებულო კვების ნებისმიერ მცდელობას. თუ სასამართლო მას წინასწარ 60 დღიან პატიმრობას შეუფარდებს, ის შიმშილობის კიდევ უფრო მკაცრ ზომებს მიმართავს. არ ვადასტურებ, რომ მას ფილტვების ანთება აქვს, თუმცა ხმა არ აქვს და გაციებულია​​. მისი დაკითხვის დროს, რომელიც სამ საათს გაგრძელდა, მან რამდენიმე ლიტრი წყალი დალია, იმიტომ რომ ჭამაზე უარი განაცხადა. 4-ჯერ გამოვიძახეთ ექიმი, დალია რამდენიმე ტაბლეტი დამამშვიდებელი ვალერიანი." - ამბობს ადვოკატი.

სააკაშვილის ადვოკატი მისი დაკავების პროცესში დაფიქსრებულ დარღვევებზეც საუბრობს და სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ამახვილებს ყურადღებას. 

"დარღვეულია მისი დაკავების პროცედურაც - ის სასამართლოს განჩინების საფუძველზე არ დაუკავებიათ, ასევე, დაკავებისას მას არ აუხსნეს, რა დანაშაულისთვის აკავებდნენ, რა მუხლებით და ა.შ სააკაშვილმა უარი თქვა ხელი მოეწერა ბრალდებებზე, ამ დროს მას წნევამ აუწია, 180/110-ზე ჰქონდა. მან მითხრა, რომ ძალიან ნერვიულობს თავის უსაფრთხოებაზე იზოლატორში, თუმცა სამართალდამცველები მას საკმაოდ ტოლერანტულად ექცეოდნენ." - ამბობს ჩერნოლუცკი. 

ადვოკატისათვის ჯერჯერობით უცნობია როდის გაიმართება სასამართლო. ჩერნოლუცკი ამბობს, რომ საქმეში შესაბამისი მტკიცებულებები არ არსებობს. რაც შეეხება ბრალს სააკაშვილს ბრალი ედება დანაშაულებრივ დაჯგუფებებთან თანამშრომლობასა და მათი საქმიანობის დაფარვაში.

"ერთადერთი დოკუმენტი, რაც ახლა გვაქვს, არის ბრალის წარდგენის პროცედურების დარღვევით შედგენილი დოკუმენტი. უნდა დაინიშნოს, ჯერჯერობით ჩანიშნული არ არის და არ ვიცით, ზუსტად როდის გაიმართება. ამ 5 გვერდიან ბრალდებაში ჩვენ ვერ ვნახეთ, რომ მას ბრალი ედება სახელმწიფო გადატრიალებაში ან გადატრიალებისკენ მოწოდებაში და არც ერთი ფაქტი არ არის, რომ სევერიან დონღაძემ ან ვინმე სხვამ მიიღო ფული, რათა მათ სახელმწიფოს გადატრიალებისთვის და პუტჩისთვის ემუშავათ. ეს საქმე თეთრი ძაფით არის ნაკერი. სააკაშვილი იზოლატორში მარტო იქნება მოთავსებული. მეტ-ნაკლებად ნორმალურ პირობებში. გვინდოდა, ხვალ სანდრა შეგვეშვა მასთან იზოლატორში და შეეტანა ჰიგიენის ნივთები და თეთრეული, თუმცა შაბათ-კვირას კატეგორიულად არ გვიშვებენ და ამან ორშაბათამდე გადაიწია. შაბათ-კვირას არც მე შემიშვებენ." - ამბობს ჩერნოლუცკი.

საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი კიევში გუშინ დააკავეს

სააკაშვილი უკრაინელმა სამართალდამცავებმა, 5 დეკემბერსაც დააკავეს, კიევში, საკუთარ  სახლის სახურავზე , მაგრამ მომხრეებმა ის პოლიციის მანქანიდან გაათავისუფლეს.

რის შემდეგაც ყოფილმა პრეზიდენტმა და მისმა მომხრეებმა რადასთან აქციების გამართვა დაიწყეს. უკრაინის შსს-მ კი მასზე ძებნა გამოაცხადა. რამდენჯრმე სცადეს აქციის დაშლა

 

კომენტარები