საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

ჯერაც გაურკვეველია, ვინ გახდება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე

პირველი რადიო

ვინ იქნება ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ჯერაც არ გარკვეულა - მონაწილე კანდიდატები ერთმანეთს სხვადასხვა ბრალდებას უყენებენ. კანდიდატი ლევან ჯანაშია, რომელიც არჩევნებზე მეორე ადგილზე გავიდა, პირველ ადგილზე გასულ დავით ასათიანს გაყალბებაში ადანაშულებს. ჯანაშიას მხარს საპროკურორო საბჭოს წევრი, ადვოკატი ირმა ჭკადუაც უჭერს, ვიდეოს ავრცელებენ, რომელზეც, მათი თქმით, სწორედ გაყალბებული ბიულეტენებია აღბეჭდილი.

"არ იყო ბიულეტენები დამოწმებული ბეჭდებით, ბიულეტენების რაოდენობა აღმოჩნდა არჩევნებზე გამოცხადებული ადვოკატების რაოდენობაზე მეტი, ასევე, ადგილი ჰქონდა შემთხვევებს, სადაც კომისიის წევრებს ჩანთაში ეწყოთ ან ხელში ეჭირათ ბიულეტენები, აბსოლუტურად ყველა ბიულეტენი გაყალბებული იყო ბატონი დავით ასათიანის სასარგებლოდ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ არჩევნების პროცესის ნამდვილობა დგას ეჭვქვეშ", - თქვა ლევან ჯანაშიამ. 

დღეს განცხადება გააკეთა დავით ასათიანმაც, რომელმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღო. მან თქვა, რომ არჩევნების ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ არ უნდა დადგეს, რადგან სერიოზულ გაყალბებას ადგილი არ ჰქონია. ის ჯანაშიას ასევე მოუწოდებს, მეორე ტურის ჩატარებას დათანხმდეს. 

"იქიდან გამომდინარე, რომ კანონი გვაძლევდა შესაძლებლობას, პირველივე ტურში გამოვცხადებულიყავი გამარჯვებულად და იქიდან გამომდინარე, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, ჩვენი კორპორაციის და კორპუსის სიძლიერის ინტერესები და არა არჩევნები, მე შევხვდი მეორე ადგილზე გასულ კანდიდატს, ბატონ ჯანაშიას და შევთავაზე სრულიად თავისუფალ, კიდევ უფრო გამჭვირვალე პირობებში ჩავატაროთ მეორე ტური და დაე, ადვოკატთა კორპუსმა ერთიანად გადაწყვიტოს, ვინ იქნება ასოციაციის თავმჯდომარე", - ამბობს ასათიანი. 

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებში შესაძლოა მეორე ტური დაინიშნოს. ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარის თქმით,  ხმების 50%-ზე მეტი არც ერთ კანდიდატს მიუღია, ეს კი გამარჯვებისთვის აუცილებელი პირობაა. არჩევნებში სულ 2324 კანდიდატი დარეგისტრირდა. 

ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების პროცესი გუშინ დაიწყო. 

კომენტარები