თბილისის მერია

კალაძე: მწვანე ნარგავების ჭრის საკომპენსაციო თანხა არაადეკვატური და არასერიოზულია

თბილისის მერია

შესაძლოა, მწვანე ნარგავების ჭრის საფასური გაიზარდოს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მწვანე ნარგავების ჭრის საკომპენსაციო თანხა "არაადეკვატური და არასერიოზულია". 

"მინდა, გამწვანების და ეკოლოგიის სამსახურს, ასევე მაია ბითაძეს დავავალო, რომ ახალი მშენებლობის ნებართვის გაცემის საწყის ეტაპზე უშუალოდ ჩაერთოთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემა არ მოხდეს მწვანე სივრცეების, პარკების, სკვერების ხარჯზე. როგორც ტრანსპორტის როლი არის მნიშვნელოვანი, ასევე მნიშვნელოვანია მწვანე ნარგავებიც"  თქვა კალაძემ.

რაც შეეხება ისეთ პროექტებს, რომლებზეც ნებართვა უკვე გაცემულია, მაგრამ არ არის გადახდილი საკომპენსაციო თანხები, თბილისის მერის თქმით, დაინტერესებულ პირს მოჭრის ნაცვლად მწვანე ნარგავების გადარგვა და მოვლა-პატრონობა უნდა დაევალოს.

"ინდივიდუალურად მოგიწევთ ამ სამუშაოს გავლა. ეს შრომატევადია, მაგრამ აუცილებლად გასაკეთებელი. უმოკლეს ვადებში მოამზადეთ სამართლებრივი ცვლილებები, საჭიროების შემთხვევაში მოჭრის საკომპენსაციო თანხების რამდენიმეჯერ გაზრდასთან დაკავშირებით. დღეს საშუალოდ საკომპენსაციო თანხა ერთ ხეზე 700 ლარია, რაც ნამდვილად არაადეკვატური და არასერიოზულია. ვიცი, რომ კანონში ცვლილებებია საჭირო, ამიტომ დაიხმარეთ პარლამენტი" - განაცხადა კალაძემ ინტერპრესნიუსის ცნობით და აღნიშნა, რომ ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილება იქნება.

"შესაბამისად, შემოსული თანხები აუცილებლად უნდა იყოს მიმართული მწვანე სივრცეების შექმნაზე, ეკოლოგიის გაუმჯობესებაზე, სკვერების მოვლა-პატრონობაზე", - თქვა თბილისის მერმა.

კომენტარები