კერძო ტელეკომპანიები პრეზიდენტს მაუწყებლის კანონპროექტზე ვეტოს დადებას სთხოვენ

საქართველოს პრეზიდენტი

მიეცემა თუ არა საზოგადოებრივ მაუწყებელს კომერციული რეკლამების განთავსების უფლება - საკითხი რამდენიმე კვირაა, ვნებათაღელვის საგანია. 

კერძო მაუწყებლების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დღეს გიორგი მარგველაშვილის კანონზე ვეტოს დადებაც სთხოვეს. შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართა. 

საქმე მაუწყებლის შესახებ კანონში პარლამენტის მიერ უკვე ორი მოსმენით დამტკიცებულ ცვლილებებს ეხება, რომელიც სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის კომერციული რეკლამის განთავსების უფლებას გულისხმობს. 

დღეს მოქმედი კანონმდებლობით (მაუწყებლის შესახებ კანონი, 64-ე მუხლი), საზოგადოებრივ მაუწყებელს კომერციული რეკლამის განთავსების უფლება მხოლოდ "სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო პროგრამის დაწყების, ბუნებრივი ინტერვალისა და დასრულების დროს აქვს. ამ შემთხვევაში კომერციული რეკლამის მოცულობა დღე-ღამის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 30 წუთს, ხოლო ყოველ საათში – 6 წუთს". 

საკანონმდებლო ცვლილებით, ამ მუხლს დაემატება პუნქტი, რომლის თანახმადაც დასაშვები გახდება გასართობი გადაცემებისა და სერიალების სპონსორობა. 

65-ე მუხლში დაგეგმილი ცვლილების მიხედვით კი, მცირდება სოციალური რეკლამისთვის განკუთვნილი დრო. საკანონმდებლო ცვლილების ინიციატორები მმართველი გუნდის წევრები არიან. 

საკანონმდებლო ცვლილებებს კერძო ტელეკომპანიების წარმომადგენლები ეწინააღმდეგებიან და თვლიან, რომ ის მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს სარეკლამო ბაზარზე და კერძო მაუწყებლების ფინანსურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება.

"კომერციული მაუწყებლების დიდი ნაწილისთვის ეს არის უსამართლობა. არასწორია, როდესაც ამხელა ბიუჯეტის მქონე ტელეარხი კომერციულ ბაზარზე შემოდის და კერძო ტელეკომპანიების წილს წაიღებს. ეს განსაკუთრებით აზარალებს რეგიონულ და მცირე მედიასაშუალებებს", - თქვა ტელეკომპანია კავკასიის დირექტორმა, ნინო ჯანგირაშვილმა. 

"კანონპროექტი აზარალებს აბსოლუტურად ყველა კომერციულ და კერძო ტელევიზიას და მორგებულია მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის ვითომ განვითარებას, თუმცა, განვითარებაში რა იგულისხმება, არ ვიცი, როდესაც საზოგადოებრივ მაუწყებელს უნდა გაეზარდოს ბიუჯეტიდან დაფინანსება + კერძო საქმიანობიდან შემოსავალი და ამის ხარჯზე შეწყდეს კერძო მაუწყებლების განვითარება. ეს, თავის მხრივ, გულისხმობს იმას, რომ პლურალიზმს, რომელიც უზრუნველჰყოფის ვალდებულება აღებული აქვს სახელმწიფოს ევროკავშირის და სხვა პარტნიორი ქვეყნების წინაშე, ექმნება საფრთხე. ამ კანონპროექტით ირღვევა კონკურენციის მთავარი პრინციპი, რისი ვალდებულებაც აღებული აქვს საქართველოს. ამ საკითხის განხილვა ხდება მხოლოდ ერთ ჭრილში - საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელშეწყობის ჭრილში და ამის ფონზე ხდება კერძო მაუწყებლების დაჩაგვრა", - ამბობს რუსთავი 2-ის იურისტი, თამთა მურადაშვილი. 

თუმცა, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი, ვასილ მაღლაფერიძე პირიქით ფიქრობს. მან პრეზიდენტთან შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში არ ისურვა და მარგველაშვილს დახურულ კარს მიღმა შეხვდა. 

"ვფიქრობ, ეს არის აუცილებელი, ძალიან კარგი კანონპროექტი და ხელს შეუწყობს მთელი პრესის განვითარებას. საზოგადოებრივი მაუწყებელი უპირატეს მდგომარეობაში ნამდვილად არ არის. მაგრამ როდესაც 58 მილიონზე არის ლაპარაკი, გთხოვთ გაიხსენოთ ბიუჯეტიდან ნაპატიები ათეულობით მილიონი, რომელიც ერთი დიდი ტელევიზიის დაარსებას ეყოფოდა", - თქვა მაღლაფერიძემ პრეზიდენტთან შეხვედრის დაწყებამდე. 

კომენტარები