თამბაქო

1 სექტემბრიდან საქართველოში მენთოლიანი სიგარეტის ბრენდის გაყიდვა აიკრძალება

flickr.com

2018 წლის 1 სექტემბრიდან თამბაქოს ნაწარმის ბრენდის დასახელებაში იკრძალება შემდეგი სიტყვების გამოყენება: "მენთოლი", "მსუბუქი", "რბილი", "ნაკლებად მძაფრი", "ულტრამსუბუქი", "დაბალი შემცველობით", "ექსტრა", "ულტრა" და სხვა. 

შესაბამისი აკრძალვა თამბაქოს კონტროლის კანონითაა განსაზღვრული. კანონის ავტორების შეფასებით, აღნიშნული სიტყვები თამბაქოს შესახებ მცდარ შეხედულებებს აჩენენ. 

"თამბაქოს ნაწარმის შეფუთვის ან/და ეტიკეტის არცერთი ელემენტი არ უნდა შეიცავდეს ყალბ, შეცდომაში შემყვან ან არასწორი წარმოდგენის შემქმნელ ინფორმაციას თამბაქოს ნაწარმის თვისებების, მავნე ზემოქმედების ან გამოფრქვეული მავნე ნივთიერებების თაობაზე; არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს საქართველოს სახელმწიფო ენაზე ან რომელიმე უცხოურ ენაზე სიტყვა, აბრევიატურა, ნიშანი, გამოსახულება, გრაფიკი ან ციფრი, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ შექმნის არასწორ წარმოდგენას, რომ თითქოს თამბაქოს ეს ნაწარმი სხვა ნაწარმთან შედარებით ნაკლებად მავნებელია, მათ შორის, არ შეიძლება მათი გამოყენება ბრენდის ან სავაჭრო ნიშნის დასახელებაში, კერძოდ, სიტყვებისა: „მსუბუქი“, „რბილი“, „ნაკლებად მძაფრი“, „ულტრამსუბუქი“, „დაბალი შემცველობით“, „ექსტრა“, „ულტრა“, „მენთოლი“ და სხვა", - წერია კანონში.

რაც შეეხება თამბაქოს სტანდარტულ (სადა შეფუთვას) ის 2022 წლის 31 დეკემბრიდან, ანუ 2023 წლიდან ამოქმედდება. კანონის თავდაპირველი ვერსიით სტანდარტული შეფუთვა წელს უნდა ამოქმედებულიყო. ცვლილების ძალაში შესვლის შემდეგ ყველა ბრენდის სიგარეტი ერთნაირი ტიპის შეფუთვით გაიყიდება და მათზე ნებისმიერი სახით ბრენდის მითითება აიკრძალება.

2017 წელს მთავრობამ 90 თეთრით გააძვირა თამბაქოს აქციზური მარკის ღირებულება, რამაც ყველა ტიპის სიგარეტის მკვეთრი გაძვირება გამოიწვია. ცვლილების გამო 2017 წლის 8 თვეში თამბაქოს მოხმარება 15%-ით შემცირდა.

 

კომენტარები