რუსული ოკუპაცია

ოთარ კახიძე: რუსეთის ანექსიაზე ხელისუფლებას შესაბამისი რეაქცია უნდა ჰქონდეს

ტაბულა

ევროპული საქართველოს წევრის ოთარ კახიძის განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ "საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევებისთვის" საქართველოს ხელისუფლებას შეასაბამისი რეაგირება უნდა ჰქონდეს.

"რუსეთის ფედერაცია ჩვენი ტერიტორიების ანექსიას განაგრძობს, საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევით. რა თქმა უნდა, ამაზე ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს შესაბამისი რეაქცია. ჩვენ გვაქვს ფორმატები ამისთვის. ყურადღების მაქსიმალური მობილიზება უნდა მოხდეს მსოფლიო ლიდერების და არა ისე, რომ საქართველო გაქრეს დღის წესრიგიდან, რაც ქართული ოცნების გაცხადებული წინასაარჩევნო პროგრამა იყო. მოვითხოვთ ხელისუფლებისგან ადეკვატურ რეაგირებას. უნდა გავთავისუფლდეთ ილუზიებისგან, რომ რუსეთთან დათმობებით საუბარს რაიმე შედეგი ექნება. ჩვენი პოზიცია პრინციპულად უნდა დავიცვათ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით,"- თქვა კახიძემ.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ორ დოკუმენტს მოაწერა ხელი. პირველი დოკუმენტი ცალკეული ქვედანაყოფის რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში ჩართვას ითვალისწინებს, რომელიც ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ ჯარის რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ინტეგრაციას გულისხმობს. მეორე დოკუმენტი კი, ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ადამიანების მედიკამენტებითა და სამედიცინო ნაწარმით უზრუნველყოფის სფეროში თანამშრომლობას გულისხმობს.

კომენტარები