ბიძინა ივანიშვილი

Bloomberg: ბიძინა ივანიშვილმა ბოლო 10 დღეში $200 მილიონი დაკარგა



ფოტო: bloomberg

საქართველოს უმდიდრესმა მოქალაქემ ბიძინა ივანიშვილმა თებერვალში $200 მილიონი დოლარი დაკარგა, ამის შესახებ Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსიდან ხდება ცნობილი. ამ დროისთვის ივანიშვილი მსოფლიოს 304-ე უმდიდრესი ადამიანია, მისი ქონება $5.72 მილიარდი დოლარით არის შეფასებული.

ივანიშვილის ქონების შემცირება სავარაუდოდ, გლობალურ საფონდო ბირჟებზე არსებულ ვარდნას უკავშირდება. თებერვლის პირველივე დღეებში საფონდო ბირჟაზე ორი მკვეთრი ვარდნა მოხდა. აშშ-ის, ევრპისა და აზიის ბირჟებზე წამყვანი ინდექსები ჯამში 7-8%-ით შემცირდნენ. ამ ვარდნის შედეგად ბირჟებიდან $4 ტრილიონის ღირებულების ქონება გაქრა.

9 თებერვალს დასრულდა ივანიშვილის დავა მის ყოფილ პირად ბანკირთან. ჟენევის სასამართლომ ივანიშვილის ქონების გაფლანგვისთვის პირად ბანკირს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. საქმეზე ივანიშვილი ზარალის კომპენსაციის სახით $130 მილიონს მიიღებს.

საფონდო ბირჟაზე ვარდნის შედეგად მსოფლიოს 500-მა უმდიდრესმა ადამიანმა ჯამში $100 მილიარდზე მეტი დაკარგა. მაგალითად, მარკ ზაკერბერგის ქონება $3 მილიარდით შემცირდა, უორენ ბაფეტმა $5 მილიარდი დაკარგა, Amazon-ის დამფუძნებლის ჯეფ ბეზოსის დანაკარგი $3 მილიარდია.

ვარდნა აშშ-ის ცენტრალური ბანკის (FED) ახალი თავმჯდომარის ჯერომ პაუელის მიერ 5 თებერვალს ფიცის დადებას დაემთხვა. სავარაუდოდ, ბაზარზე არსებობს მოლოდინი, რომ FED-ი დააჩქარებს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების პროცესს, რაც წინა თავმდჯომარის, ჯანეტ იელენის დროს დაიწყო, ეს კი გლობალირად საკრედიტო რესურსის მოზიდვას გააძვირებს. მკვეთრად დავალიანებული კომპანიებისთვის კი საკრედიტო რესურსის გაძვირება დადებითი სიახლე არაა.

ვარდნის სავარაუდო მიზეზად გაზრდილი ინფლაციური მოლოდინებიც სახელდება. განვითარებულ ქვეყნებში ინფლაცია ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით დაბალი იყო, ახლა კი ჩნდება ნიშნები, რომ ის გაიზრდება. ინფლაციის ზრდას აშშ-ში საშუალო ხელფასების ზრდა უწყობს ხელს. იქიდან გამომდინარე, რომ აშშ-ში უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმთან ახლოსაა და 4.1%-ს შეადგენს. დაბალი უმუშევრობის გამო კომპანიებს ახალი მუშა ხელის მოზიდვა გართულდათ, ამის გამო კი საშუალო ხელფასების მაჩვნებელი გაიზარდა.

კომენტარები