ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

სამადაშვილი: არავის უთქვამს, რომ არჩევნებით ხელისუფლების დამარცხება შეუძლებელია

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის სალომე სამადაშვილის მტკიცებით, "არავის არ უთქვამს, რომ შეუძლებელია [ხელისუფლების დამარცხება არჩევნების გზით]". სამადაშვილს TV პირველის ეთერში გადაცემის წამყვანმა ლევან ჩხაიძემ ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის განცხადება შეახსენა.

"სწორედ ამ ფაქტორზე საუბრობდა გიგა ბოკერია რამდენიმე წუთის წინ, რომ მისთვის მიუღებელია ერთი მხრივ გაერთიანებაზე განცხადებები და მეორეს მხრივ, გზავნილი, რომ შეუძლებელია ხელისუფლების დამარცხება არჩევნების გზით" - მიმართა გადაცემის წამყვანმა სალომე სამადაშვილს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის თქმით კი, "არავის არ უთქვამს, რომ შეუძლებელია [ხელისუფლების დამარცხება არჩევნების გზით]. ნათქვამი იყო, რომ შეუძლებელია, იმ საარჩევნო გარემოში, რომელიც დღეს არის შექმნილი, ჩვენ მოვახერხოთ, ასე ვთქვათ, იმედი გვქონდეს, რომ მხოლოდ არჩევნების გზით, ჩვეულებრივად გაწერილი წესების თამაშით მოვახერხებთ რაიმეს შეცვლას, და ეს მართლაც ასეა".

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებდა, რომ ახალი კონსტიტუციით, ხელისუფლების არჩევნებით შეცვლა შეუძლებელია. გარდა ამისა, ის ამბობდა, რომ “ესენი არჩევნებით წასვლას არ აპირებენ, წასვლა მაინც მოუწევთ. როგორც კი წავლენ, მაშინვე აღვადგენთ კონსტიტუციურ წონასწორობას".

კომენტარები