დემირელის კოლეჯი

დემირელის სკოლის წარმომადგენელი: პედაგოგების ნაწილმა თავშესაფარი ევროპაში ითხოვა

Private Demirel College

დემირელის სკოლის წარმომადგენლის, საფეთ ბაირაქ თუთანის ინფორმაციით, პედაგოგების ნაწილმა საქართველო დატოვა და თავშესაფარი ევროპაში მოითხოვა.

"სხვადასხვა სახის პრობლემები გვქონდა. როგორც მოგეხსენებათ, სამი სკოლის ავტორიზაცია გაუქმდა. ამან რა თქმა უნდა აქ მომუშავე პედაგოგებსაც პრობლემები შეუქმნა სამუშაო ადგილებთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, გარკვეულმა ნაწილმა დატოვა ქვეყანა. სამსახური სჭირდებათ ადამიანებს, ოჯახების სარჩენად საჭიროა მათთვის. პედაგოგიური საქმიანობა უნდათ გააგრძელონ, იძულებული გახდნენ საქართველოდან წასულიყვნენ. უმეტესი ნაწილი ევროპაში წავიდა, ევროპულმა ქვეყნებმა თავშესაფარი მისცეს. სკოლები დაიკეტა, დახურული სკოლებიდან წავიდნენ ეს პედაგოგები", - განაცხადა საფეთ ბაირაქ თუთანმა.

ეს განცხადება მან საპატიმროსთან გააკეთა, სადაც, მუსტაფა ემრე ჩაბუქის მოსანახულებლად ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსი მივიდა.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დემირელის კოლეჯმა ავტორიზაცია ვერ გაიარა, 2017 წლის 30 აგვისტოს გაავრცელა.

უწყების ცნობით, დემირელის სკოლას ავტორიზაციის 5-წლიანი ვადა გაუვიდა და თავიდან ჰქონდა განაცხადი შეტანილი.

ავტორიზაციაზე უარის თქმა უკანონოდ მიაჩია საქართველოს სახალხო დამცველს. ომბუდსმენმა 2017 წლის 30 ნოემბერს დემირელის სახელობის კერძო კოლეჯისათვის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად ახალი გადაწყვეტილების მიღებას მოითხოვა.

აღსანიშნავია, რომ 2017 წლის დასაწყისში ბათუმში ავტორიზაცია შეუჩერდა დემირელის სკოლის ფილიალს - შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმს, რაც ორგანიზაცია TDI-მ არაკონსტიტუციურად შეაფასა. იქამდე, 2016 წლის 16 ივლისს, თურქეთის გენერალურმა კონსულმა, იასინ თემიზქანმა, თურქეთში მომხდარი გადატრიალების მცდელობის შეფასებისას თქვა, რომ ბათუმში, შაჰინის სკოლა-ლიცეუმში ტერორისტებს ზრდიან.

2017 წლის 24 მაისს კი დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მენეჯერი, თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ემრე ჩაბუქი ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ბრალდებით დააკავეს. თურქეთი მის ექსტრადირებას ითხოვს, ბრალდებული კი - საქართველოსგან ლტოლვილის სტატუსს.

ემრე ჩაბუქის დაპატიმრება თურქულმა მხარემ ტერორისტულ ორგანიზაცია ფეტოსთან სავარ​აუდო კავშირის გამო მოითხოვა. თურქეთის ხელისუფლება სამხედრო გადატრიალების მოწყობაში სწორედ ფეტოს და მის ლიდერს, ფეტულაგიულენს ადანაშაულებს. 

თუმცა, ჩაბუქის ადვოკატების მტკიცებით, საქმის მასალებში, რომელიც თურქული მხარისგან მიიღო, არ დასტურდება ჩაბუქის რაიმე კავშირი ტერორისტულ ორგანიზაციასთან. ოჯახის წევრები ბრალდებას აბსურდულად მიიჩნევენ და საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.

საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტრომ ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსზე უარი უთხრა და ამის მიზეზად ის დაასახელა, რომ თურქეთის ციხეებში ვითარება გაუმჯობესებულია. მინისტრ სუბარის თქმით, ჩაბუქი თურქეთის საპყრობილეში წამებას არ დაექვემდებარება და რომ საქართველოს პროკურატურამ მიიღო დიპლომატიური გარანტიები, რომ ჩაბუქს ევროპული სტანდარტების მქონე საპყრობილეში მოათავსებენ.

თუმცა, ადამიანის უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები საწინააღმდეგოს ამტკიცებენ და მიუთითებენ, რომ თურქეთის ე.წ სამხედრო გადატრიალების მცდელობის და საგანგებოო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ ციხეებში პატიმრების უფლებები მასობრივად ირღვევა. Human Rights Watch-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ თურქეთის პოლიცია ხშირად მიმართავს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფას, ემუქრება პატიმრებს გაუპატიურებით, საათების განმავლობაში აიძულებს მუხლებზე დაჩოქილი ყოფნას, ამყოფებს წყლის, საკვებისა და ძილის გარეშე. თურქეთის ციხეებში მძიმე ვითარებაზე საუბრობს Amnesty International-იც 2016-2017 წლის ანგარიშში.

მუსტაფა ემრე ჩაბუქმა სამინისტროს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა. უარის მიღების შემდეგ კი, სააპელაციო სასამართლოში, რომელმაც პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ჩაბუქის ადვოკატი, ვახტან კვიჟინაძე ამბობდა, რომ ქართული სასამართლოებისგან უარის მიღების შემთხვევაში, დავას ევროსასამართლოში გააგრძელებდა.

საქართველოში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები ემრე ჩაბუქის დაცვას ცდილობენ და აცხადებენ, რომ საქართველო ვალდებულია, ის თურქეთს არ გადასცეს. მათ რამდენიმე დღის წინ განცხადებაც გაავრცელეს და პრეზიდენტს მიმართეს, გამონაკლისის სახით ჩაბუქს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭოს.

ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირების საკითხს თბილისის საქალაქო სასამართლო 19 თებერვალს განიხილავს.

მუსტაფა ჩაბუქი დემირელის სკოლის პარტნიორთა საბჭოს წევრია. ის 15 წელია საქართველოში ცხოვრობს და საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევა. 

კომენტარები