მერიის რეფორმა - ასაკოვან ბიბლიოთეკარებს საპატიო წიგნის მცველებად დაასაქმებენ

თბილისის მერია

თბილისის მერის მოადგილის სოფიო ხუნწარიას განცხადებით, შესაძლოა, ბიბლიოთეკების ასაკოვანმა თანამშრომლებმა ტესტირება და გასაუბრება არ გაიარონ. ხუნწარიას თქმით, მათ საპატიო წიგნის მცველებად დაასაქმებენ.  

სავალდებულო ტესტირებას დედაქალაქის მასშტაბით, 36 ბიბლიოთეკის 340 თანამშრომელი გაივლის. ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, ისინი ახალ ა(ა)იპ-ში დასაქმდებიან.

თბილისის მერის მოადგილის ინფორმაციით, გადამზადება თვენახევრის განმავლობაში მოხდება.

"თუმცა, სანამ ტრენინგები დაიწყება, იქამდე 2 კვირის ვადაა და საბოლოოდ, 2 თვე გამოდის, რომ ადამიანი ტესტირებისთვის მოემზადოს იმაში, რაც ისედაც უნდა იცოდეს. ეს არის საბიბლიოთეკო სტანდარტები და კანონი ბიბლიოთეკის შესახებ. დარწმუნებული ვარ, უმრავლესობას ეს გადამზადება არ უნდა დასჭირდეს და ისედაც უნდა იცოდნენ ყველაფერი. ამის შემდეგ გავლენ ისინი ტესტირებაზე. აბსოლუტურად ყველა ადამიანი, რომელიც გადალახავს ტესტირების ბარიერს, დარჩება ახალ ა(ა)იპ-ში. 

რაც შეეხება ხანშიშესულ ადამიანებს, გვყავს ადამიანები, რომლებიც ძალიან ბევრი წელია ამ ბიბლიოთეკებში მუშაობენ, ისინი ნამდვილად გადაფარებულები არიან წიგნებზე და ძალიან დიდი მადლობა მათ, რომ ეს წიგნები ჩვენამდე მოიტანეს. თუმცა, სამწუხაროდ, ბიბლიოთეკები ძალიან არასახარბიელო მდგომარეობაშია. ჩვენ გვექნება პოზიცია ”საპატიო წიგნის მცველი” მოდერნიზებულ ბიბლიოთეკებში და ეს ადამიანები შენარჩუნდებიან“, - განაცხადა ხუნწარიამ. 

კითხვაზე, დარჩება თუ არა თბილისში 36-ვე ბიბლიოთეკა, მერის მოადგილე პასუხობს, რომ "ეს კვლევის საგანია“. მისი თქმით, კვლევისთვის ტენდერი მომავალ კვირას გამოცხადდება.

კერძოდ, თბილისის ათივე რაიონში ჩატარდება კვლევა - რა მოთხოვნა აქვს მოსახლეობას.

"ამის შემდეგ გადაწყდება, რამდენი ბიბლიოთეკა დარჩება. რამდენიმე ბიბლიოთეკა არის ისეთ მძიმე და სავალალო მდგომარეობაში, რომ შესაძლოა, კვლევის და ექსპერტიზის საფუძველზე ეს ბიბლიოთეკები აღარ იყოს. თუმცა ეს არ ეხება თანამშრომლებს. თუ ამ ფილიალში მუშაობდა რომელიმე თანამშრომელი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სხვაგან არ იმუშავებს. ყველა თანამშრომელი, რომელიც გადალახავს ბარიერს, შენარჩუნდება ახალ ა(ა)იპ-ში“, - განაცხადა ხუნწარიამ. 

ბიბლიოთეკარების შეხვედრა მერის მოადგილესთან დღეს გაიმართა. მათი ნაწილის თქმით, ისინი შეცდომაში შეიყვანეს და ბიბლიოთეკების დახურვასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია ჰქონდათ. რაც შეეხება ტესტირებას, ისინი თანახმა არიან, გადამზადების შემდეგ ეს პროცესი გაიარონ. 

კომენტარები