სასამართლო სისტემა

დღეს უვადოდ დანიშნულმა მოსამართლემ 2013 წლის 17 მაისს ჰომოფობიური განცხადება გააკეთა

თბილისის საქალაქო სასამართლო

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლე ლალი მსხილაძე საპენსიო ასაკამდე უვადოდ დანიშნა. 

კენჭისყრა დღეს გაიმართა. 

ლილი მსხილაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლედ 2015 წლის 1-ლ მაისს დაინიშნა. მანამდე ის სახალხო დამცველის მრჩევლად, შემდეგ კი ადვოკატად მუშაობდა. იყო კონსტიტუციური სამართლის ლექტორი დავით აღმაშენებლის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტ "იბერიაში", ასევე კითხულობდა ლექციებს სამართალმცოდნეობის შესავალში, ანდრია პირველწოდებულის სახელობის საპატრიარქოს უნივერსიტეტში. 

2013 წლის 17 მაისს, როდესაც სასულიერო პირებმა და რიგითმა მოქალაქეებმა ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს დაგეგმილი მცირერიცხოვანი აქცია ძალადობრივად დაშალეს, ლალი მსხილაძე წერდა: 

"დღევანდელი დღე სერიოზული კვლევის საგანი უნდა გახდეს. აუცილებლად უნდა დადგინდეს, ვინ დგას ამ ავადმყოფი ხალხის უკან? რატომ უპირისპირდება ეს მცირე ჯგუფი ერს და ბერს? რატომ ებრძვიან ქართულ მენტალობას და თავზე რატომ გვახვევენ ქართველობისთვის მიუღებელ ქცევის წესს? რატომ სწირავენ საზარბაზნე ხორცად ამ უმწეო ახალგაზრდობას? რატომ უწყობენ პროვოკაციას ერის ღირსების დამცავ პირებს დანაშაულის ჩადენაზე? ვის აწყობს ეს ყველაფერი? ესაა სარკვევი აქ. 

ისე სიცხადისთვის, უმცირესობა ნუ ეცდება, თავის ჭკუაზე მართოს უმრავლესობა. გეების პარადი დასაშვებად ქართულ ხასიათში არასდროს ჩაჯდება და ყოველთვის ამგვარ გულისწყრომას გამოიწვევს. 

პოლიციამ უნდა დასაჯოს არა ის ქართველი ბიჭები, რომლებიც ბინძურ პროვოკაციას წამოაგეს (რაც ძალიან უნდოდათ ვიღაცებს), არამედ ის ორგანიზატორები, ვინც ეს სპექტაკლი დადგა". 

ასევე, 2015 წელს, აიუფ ბორჩაშვილის საქმის განხილვისას (ჯოყოლოს იმამი, აიუფ ბორჩაშვილი 2015 წლის 14 ივნისს, საღამოს, შსს-ის კონტრტერორისტული ცენტრის წარმომადგენლებმა სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს) მსხილაძემ სასამართლო სხდომა მხოლოდ პანკისის ხეობის მცხოვრებთათვის დახურა. მან მიზეზად უსაფრთხოების დაცვა დაასახელა. 

ეს შემთხვევა სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიშშიც მოხვდა - ომბუდსმენმა მიუთითა, რომ ამით მოსამართლემ საქმის საჯაროდ განხილვის უფლება დაარღვია.

კომენტარები