ვიზალიბერალიზაცია

RFE/RL-ის ჟურნალისტი: გერმანია საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის საკითხს დააყენებს

Getty Images

ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრა დაიწყო. 

არსებული ინფორმაციით, შეხვედრაზე გერმანია აპირებს დააყენოს საკითხი, რომელიც საქართველოსთან უვიზო მიმოსვლასა და თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდას უკავშირდება.

ეს საკითხი შეხვედრის ოფიციალური დღის წესრიგში არ დგას, თუმცა, სავარაუდოდ, გერმანიასთან ერთად საქართველოდან არალეგალური და კრიმინალური მიგრაციის საკითხის დაყენებას შვედეთიც ემხრობა.

ინფორმაცია ამის შესახებ რადიო თავისუფლების ბრიუსელის ბიუროს ჟურნალისტმა გაავრცელა. 

რიკარდ ჯოზვიკმა ტვიტერზე დაწერა: 

"გერმანია საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის საკითხს დააყენებს 8 მარტს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ბრიუსელში. შეხვედარაზე შეჩერების მექანიზმის ამოქმედება არ განიხილება. საქართველოს პრეზიდენტს დაუსვამენ კითხვებს ძალისხმევის შესახებ, რომელსაც საქართველო ამ მიმართულებით გასწევს", - წერს რიკარდ ჯოზვიკი

მისივე თქმით, საქართველო რისკავს ვიზალიბერალიზაციით, როდესაც არ დგამს ნაბიჯებს პრევენციისთვის, მოქალაქეებმა არ მოითხოვონ თავშესაფარი ევროპაში. "ამ წელს საქართველოს 298-მა მოქალაქემ მოითხოვა თავშესაფარი შვედეთში, რაც ყველაზე დიდი რიცხვია სირიელი თავშესაფრის მაძიებლების შემდეგ",- თქვა ჟურნალისტმა. 

ბრიუსელში იმყოფება საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილიც, რომელსაც საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა შესახებ საუბარი მოუწევს.  

საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერების შესახებ საუბარი ერთი თვის წინ დაიწყო, როდესაც გერმანიის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მხარის მინისტრთა კაბინეტის წევრმა, იოაჰიმ შტამპმა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გადახედვა მოითხოვა. შტამპის განცხადებით, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების შემდგომ მნიშვნელოვნად გაიზარდა ქართველთა ლტოლვილად დარჩენის შემთხვევები. მან წარმოშობით ქართველთა კრიმინალურ საქმიანობაზეც ისაუბრა და თქვა,რომ დანაშაულთა რაოდენობა გაზრდილია.

საქართველომ ანალოგიური შენიშვნა ევროკომისიისგანაც მიიღო. ანგარიშში ევროკომისია განსაკუთრებული სიმწვავით ორგანიზებულ კრიმინალში ქართველთა ჩართულობაზე მიუთითებს.

"ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან, საქართველო კვლავ რჩება ერთ-ერთ მოწინავე ქვეყნად, რომლის მოქალაქეებიც ჩართული არიან ორგანიზებულ დანაშაულში. ქართული კრიმინალური დაჯგუფებები საკმაოდ მოქნილები არიან და ისინი წარმოდგენილი არიან არაერთ ქვეყანაში. აღნიშნული ჯგუფები ქურდობასა და ყაჩაღობაზე არიან ორიენტირებული. განსაკუთრებული აქტივობით გამოირჩევიან: საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, საბერძნეთსა და ესპანეთში."

ევროკომისია საქართველოს აძლევს რეკომენდაციას დასრულდეს პოლიციის რეფორმა და შეიქმნას დანაშაულის ანალიზის ერთიანი სისტემა, ასევე დაასრულოს მუშაობა საიმიგრაციო რისკების შეფასების სისტემაზე.

2018 წლის იანვარში გერმანიაში თავშესაფარი საქართველოს 745-მა მოქალაქემ მოითხოვა.

საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლა 2017 წლის 18 მარტს ამოქმედდა. 2017 წლის მარტ-დეკემბერში ის საქართველოს 170 000-მა მოქალაქემ გამოიყენა.

ევროკავშირი უფლებას იტოვებს, რომ თუ საქართველო ვალდებულებებს არ შეასრულებს, ე.წ. შეჩერების მექანიზმით ისარგებლოს და ვიზალიბერალიზაციის საკითხს გადახედოს.

კომენტარები