ხონსა და ვანში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი, შესაძლოა, ჭიჭინაძე იყოს

ტაბულას ინფორმაციით, "ქართული ოცნებიდან" ვანისა და ხონის მაჟორიტარობის კანდიდატი შესაძლოა, გივი ჭიჭინაძე იყოს.

ჭიჭინაძე ამჟამად იმერეთიში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორია. 2014 წელს ის ვაკის რაიონის გამგებელი იყო.

აღსანიშნავია, რომ "ქართული ოცნებიდან" ვანსა და ხონში კანდიდატობის სურვილი აქვს პარტია "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" ლიდერს, ზურაბ ტყემალაძეს. ინფორმაცია ამის შესახებ ინტერპრესნიუსმა გაავრცელა. ტყემალაძე მაშინ ამბობდა, რომ ჯერ არაფერი აქვს გადაწყვეტილი.

აღნიშნულ ოლქში ოპოზიციიდან მხოლოდ ერთი პარტიის კანდიდატია ცნობილი - "ევროპულმა საქართველომ" ვანსა და ხონში მაჟორიტარობის კანდიდატად გიგი უგულავა დაასახელა.

უცნობია, როდის დაასახელებენ და დაასახლებენ თუ არა საერთოდ კანდიდატებს გაერთიანებულ ოლქში სხვა ოპოზიციური პარტიები. "ქართული ოცნება" საკუთარი კანდიდატების შესახებ ოფიციალურად, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში გააკეთებს განცხადებას.

N54 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში (ვანსა და ხონში) საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები 28 აპრილს გაიმართება. შუალედური არჩევნები ჩატარდება 60 საარჩევნო უბანზე, სადაც ჯამში რეგისტრირებულია 68 054 ამომრჩეველი.

კომენტარები