საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო

შათირიშვილი ვასილ მაღლაფერიძეზე: დიდი ხანია, მეგობრები ვართ

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის მსურველი ზაზა შათირიშვილი და საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის მსურველმა, ხელისუფლებასთან დაახლოებული კომენტატორმა ზაზა შათირიშვილმა, რომლის საბჭოში გაყვანასაც, გავრცელებული ინფორმაციით, საზმაუს გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე ლობირებს, დღეს შესარჩევ კომისიასთან შეხვედრისას აღიარა, რომ ვასილ მაღლაფერიძესთან მეგობრობს.

ამის შესახებ კითხვა კომისიის წევრმა, სოსო გალუმაშვილმა დაუსვა. წარმომადგენელმა ჯეპრადან შათირიშვილს ჰკითხა, როგორც მეგობარი, რამდენად შეძლებს, აკონტროლოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის საქმიანობა. 

"[მე და ვასილ მაღლაფერიძე] დიდი ხანია, მეგობრები ვართ. ჩვენ ფილოლოგები ვართ. მამამისის მეგობარიც ვიყავი. [რაც შეეხება კონტროლს] ჩემი უახლოესი მეგობარი და ჩემი გაზრდილი, როგორც სტუდენტი და უახლოესი მეგობარი და საერთოდ, ერთი შვილი არის მისი მონათლული, არის ზურაბ ჭიაბერაშვილი. როდესაც ის ქალაქის მერი იყო, ეს საათის ისტორია რომ მოხდა, სახლში არ შემოვუშვი, შემდეგ გაწყდა ჩვენი ურთიერთობა". 

კომისიის წევრმა, ტაბულას მთავარმა რედაქტორმა სალომე უგულავამ შათირიშვილს ჰკითხა მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რომლის მიხედვითაც მაღლაფერიძე და ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები გეგმავდნენ შათირიშვილის საზმაუს სამეურვეო საბჭოში გაყვანის საკითხს. უგულავამ საბჭოს წევრობის მსურველს ჰკითხა, თუ დაინტერესდა ის, რატომ სურდა საზმაუს გენერალურ დირექტორს მისი საბჭოში მოხვედრა. შათირიშვილმა კითხვაზე პასუხის ნაცვლად, თქვა:

"საკითხი სრულიად არასწორად არის დაყენებული. მთელი ამბავი არის ის, რომ ეს ზურაბ ჭიაბერაშვილის ამბავი ტყუილად არ ვთქვი. ამის შემდეგ დაიწყო ძალიან სერიოზული რეპრესიები და მე წავედი ჩემი მეგობრების... მთელი 9 წელი ვიყავი ჩემი ყოფილი მეგობრების წინააღმდეგ. ჩემი ძალიან ახლო მეგობარი იყო ლევან რამიშვილი, ასევე, გიგა ბოკერიაც ძალიან ახლო იყო. ასე რომ, თუ ის მოვახერხე, რომ იმათ დავუპირისპირდი, ვასიკო მაღლაფერიძე, მე მგონი, არ იქნება პრობლემა".
 

კომენტარები