ქართული ოცნება

ტურიზმის ადმინისტრაცია რუსულ პროპაგანდისტულ არხს, Россия 1-ს რეკლამისთვის $1 100 000-ს გადაუხდის

რუსული პროპაგანდა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია რუსული პროპაგანდის ერთერთ მთავარ იარაღს, ტელეარხ "რასია 1"-ს ქართული ტურიზმის რეკლამირებისთვის $1 100 000-ს გადაუხდის. ანტიქართული შინაარსით გაჟღენთილ არხზე საქართველოს ტურისტული ზონების შესახებ სარეკლამო რგოლები 1 თვის მანძილზე გავა. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე შერჩევის კრიტერიუმზე საუბრისას ყურადღებას ფასზე და ხარისხზე ამახვილებს და ამბობს, რომ "რასია 1" საუკეთესო ვარიანტი იყო. 

"ჩვენი ამოცანა და ამ არხის არჩევა მოხდა ფასის და ხარისხიდან გამომდინარე. ამ შემთხვევაში იგულისხმება სარეკლამო ვიდეო რგოლების გაშვების რაოდენობა და ფასი შესაბამისად ჩვეულებრივი საკონკურსო პირობებით გაიმარჯვა ამ შემოთავაზებამ,"- ამბობს ჩოგოვაძე რუსთავი 2-თან საუბრისას. 

ევროპული საქართველოს წარმომადგენელი ირაკლი კიკნაველიძე ტაბულასთან საუბრისას ამბობს, რომ ეს ამბავი კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმის, თუ რა დამოკიდებულება აქვს ქართული ოცნების ხელისუფლებას რუსული ოკუპაციის მიმართ. 

"ეს ამბავი კიდევ ერთი და ნათელი მაგალითია იმისა, თუ რა დამოკიდებულება აქვს ხელისუფლებას ჩვენი ქვეყნის ამ ტრაგედიის, ოკუპაციის მიმართ. რუსული პროპაგანდის ერთერთი მთავარი რუპორისთვის ქართველი გადასახადების გადამხდელი ფულის მიცემა, შეცდომა და შეურაცხყოფაა როგორც დაღუპულების ისე ასიათასობით დევნილის მიმართ. ეს რეკლამა ალბათ იმ დოკუმენტურ ფილმებს შორის გავა სადაც ქართველების კაციჭამიობაზეა ლაპარაკი. საბჭოთა კომედიისთვის დამახასიათებელი დასაცინი ქართველის ხმის ტემბრი ამ ყველაფერს უფრო შეურაცხმოფელსაც კი ხდის,"- ამბობს კიკნაველიძე ტაბულასთან საუბრისას. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გადაწყვეტილებას აკრიტიკებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც. თბილისის საკრებულოს ენმ-ის დეპუტატი ირაკლი ნადირაძე ამბობს, რომ 

"2008 წელს, როდესაც გორი იბომბებოდა და გორს ცეცხლი ეკიდა და ჩვენი მშვიდობიანი მოქალაქეები დახოცილები იყვნენ, აწერდნენ წარწერას ცხინვალს და როგორც რუსეთის მოქალაქეებს და როგორც ცხინვალში დაღუპულ მოქალაქეებს და დაბომბილ ცხინვალს, იმ კადრებად ასაღებდნენ. ანუ ფაქტიურად, საქართველოს მთავრობა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მეშვეობით რუსეთის პროპაგანდისტულ ტელეარხებს აფინანსებს. იმ არხებს, რომლებიც ყველანაირად, ყოვედლღიურად ცდილობენ საქართველოს დაკნინებას,"- ამბობს ნადირაძე რუსთავი 2-თან საუბრისას. 

რუსეთის ნაციონალური არხი "რასია 1" წლების მანძილზე ეწეოდა საქართველოს დისკრედიტაციას ცრუ ინფორმაციით. კრემლისტური არხი ავრცელებდა გაყალბებულ ვიდეო მასალას "ბოროტი ქართველების" შესახებ, რომლებიც "რუს, მშვიდობიან მოსახლეობას" ბომბავს. 

22 თებერვალს ოკუპირებულ ცხინვალში მოკლული საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი, პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის რუსეთის პრეზიდენტისთვის მიწერილი და კრემლის მიერ მოწონებული წერილის მიუხედავად, კვლავ ოკუპანტების ხელშია, საქართველოს მოსახლეობის მიერ გადახდილი თანხიდან კი $1 100 000 რუსული პროპაგანდის მთავარი იარაღის ანგარიშზე დაირიცხება. 

კომენტარები