საკონსტიტუციო ცვლილებები

იურისტები: პარლამენტმა კონსტიტუციის ახალი რედაქცია დარღვევებით დაამტკიცა

idfi.ge

პარლამენტმა ახალი რედაქციის კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებები 115 ხმით, მესამე მოსმენით დაამტკიცა. 

ცვლილებები 2017 წლის სექტემბერში ერთხელ უკვე დამტკიცებულ და პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ პროექტს შეეხო. 

კონსტიტუციის დღეს მიღებული რედაქციის მიხედვით, გადაუნაწილებელ საპარლამენტო მანდატებს თანმიმდევრობით უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიები მიიღებენ.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა პოლიტიკური პარტიების გარდა, საარჩევნო ბლოკებსაც ექნებათ. 2024 წლიდან ბლოკებად გაერთიანების უფლება აიკრძალება. 

2020 წელს საპარლამენტო არჩევნები მაჟორიტარული წესით გაიმართება, 2024 წლიდან კი საარჩევნო სისტემა მხოლოდ პროპორციული წესით ჩატარდება. 

ის, რომ პრეზიდენტი 2023 წლიდან ხალხის მიერ აღარ აირჩევა, პარლამენტმა სექტემბერშივე გადაწყვიტა - მას 300 ადამიანისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია აირჩევს. წაიშალა ტერმინი ხმოსნები და ის სწორედ საარჩევნო კოლეგიით ჩანაცვლდა. 

გადაიხედა რამდენიმე სხვა მუხლიც, მათ შორის, ცვლილება შევიდა ახლადდამტკიცებული კონსტიტუციის მე-18 მუხლში, რომელიც საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას ეხება. ეს ცვლილება იუსტიციის სამინისტროს ინიციატივა იყო, რომლის მიხედვითაც, კონსტიტუციიდან წაიშალა ის ჩამონათვალი, რომელიც კონკრეტულად განსაზღვრავს, რა შემთხვევაშია შესაძლებელი, მოქალაქეზე ინფორმაცია არ გაიცეს. იურისტების შეფასებით, ეს ჩანაწერი საჯარო ინფორმაციის გაცემას შეზღუდავს. 

ასევე, სპეციალისტების შეფასებით, კონსტიტუციის ბოლო რედაქცია მესამე მოსმენით, გადასინჯვის პროცედურების დარღვევით მიიღეს. მათ შორის, კონსტიტუციის პროექტის ბოლო ვერსიაში, მე-18 მუხლში შესატანი ცვლილებები არ განხილულა მაშინ, როდესაც მმართველმა გუნდმა კონსტიტუციაში დამტკიცებიდან მალევე კვლავ ცვლილებების შეტანა გადაწყვიტა და სახალხო განხილვაც ჩაატარა. თავისი ინიციატივა თეა წულუკიანმა სახალხო განხილვის დასრულების შემდეგ, ბიუროს სხდომაზე გამოთქვა. 

ასევე, კონსტიტუციის ბოლო რედაქციაში, მე-60 მუხლის 5 პუნქტში, გაჩნდა სიტყვა "გვიანდელი":

"საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა. არაკონსტიტუციურად
ცნობილი აქტი ან მისი ნაწილი კარგავს ძალას საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შესაბამისი
გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან, თუ შესაბამისი გადაწყვეტილება არ ადგენს აქტის ან მისი ნაწილის ძალის დაკარგვის სხვა, გვიანდელ ვადას". 

იურისტების შეფასებით, ეს ჩანაწერი დოკუმენტში პროცედურების დარღვევით საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებას ზღუდავს - საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლება არაკონსტიტუციურად ცნობილი კანონის ძალაში შესვლის მხოლოდ მომავალი ვადა დააწესოს და უკანა თარიღით ვერაფერი გააუქმოს.

კომენტარები