პაპუნა უგრეხელიძის საქმე

მესხიძე: ქმრის გათავისუფლება არაფერ შუაშია, ომბუდსმენს მუქარის გამო მივმართე

საჯარო რეესტრის ყოფილი თანამშრომელი, ეკა მესხიძე პაპუნა უგრეხელიძის განცხადებას პასუხობს.

იმის გამო, რომ ყოფილმა ხელმძღვანელმა მისი ვინაობა გაასაჯაროვა, მან გადაწყვიტა ამ საკითხზე არა კონფიდენციალურად, არამედ ღიად ისაუბროს.

მესხიძე ამბობს, რომ ქმრის გათავისუფლება არაფერ შუაშია და სახალხო დამცველს მიმართა მუქარის გამო. თუმცა, ეს ორი შემთხვევა დროში ერთმანეთს დაემთხვა.

"ქმრის საკითხი საერთოდ არაფერ შუაშია იმ ბრალდებებთან, რომელზეც მე ვსაუბრობ. იყო არაპირდაპირი კომუნიკაცია, თანამშრომლის საშუალებით, რომელთანაც ვმეგობრობ, მემუქრებოდა - წაათრიოს თავისი ქმარი, აქ რას დამიტოვაო. იყო მუქარა, რომ ჩემი ქმარი თუ არ წამოვიდოდა, ახალ სამსახურშიც შემიქმნიდა პრობლემებს. ეს მთელი 6 თვის განმავლობაში გრძელდებოდა. თანამშრომელს ეუბნებოდა, რომ არ გამახარებს და არ მოისვენებს, სანამ არ დამმარხავს. ამის შემდეგ შევუთვალე, რომ ამდენი ხანი ვიყავი ჩუმად, სამსახურიდან მშვიდად წამოვედი, მაგრამ ეს არის მუქარა და ამისთვის ვუჩივლებ. მისი პასუხი ამაზე იყო ის, რომ ამ შემთხვევაში გაავრცელებდა ინფორმაციას, თითქოს ერთმანეთთან მხოლოდ სამსახურებრივი ურთიერთობა არ გვაკავშირებდა. სწორედ ამან გადამაწყვეტინა საბოლოოდ მიმემართა სახალხო დამცველისთვის, რაც დროში ნამდვილად დაემთხვა ჩემი ქმრის სამსახურიდან გამოშვებას, თუმცა ეს მიზეზი არ ყოფილა", - ამბობს ეკა მესხიძე ტაბულასთან.

რაც შეეხება პაპუნა უგრეხელიძის განცხადებას იმართან დაკავშირებით, რომ ციყვებით გაფორმებული ტორტი ეკა მესხიძემ აჩუქა, ის ამბობს, რომ უგრეხელიძის დაბადების დღეზე საერთოდ არ ყოფილა.

"ამ ტორტთან არანაირი კავშირი არ მაქვს. არც დაბადების დღეზე ვყოფილვარ და საერთოდ, თვალით არ მინახავს ეს ტორტი. დაბადების დღეზე აჩუქეს თანამშრომლებმა. რატომ არ დასვა არავინ კითხვა, რის გამო დასვეს ამ ტორტზე ციყვები? - იმიტომ, რომ ქალებს მიმართავდა ასე. ამის გამო გაეხუმრნენ და მიართვეს ასეთი ტორტი. ეს გავიგე მოგვიანებით, როცა ციყვები, ტორტის გარეშე მაგიდაზე ჰქონდა შენახული დიდი ხნის განმავლობაში", - ამბობს ეკა მესხიძე.

საჯარო რეესტრის ყოფილ თანამშრომელს ბრალდებების დამადასტურებელი, მუქარის შემცველი მიმოწერა შენახული აქვს და ტაბულასაც მიაწოდა, თუმცა მხოლოდ მათი ნაწილის გასაჯაროება ისურვა.

ეკა მესხიძე, რომელიც პაპუნა უგრეხელიძეს მუქარაში, სქესის ნიშნით და სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, მედიასთან ამ დრომდე კონფიდენციალურად საუბრობდა. მას შემდეგ, რაც სახალხო დამცველის ერთი წლის წინანდელი დასკვნა გასაჯაროვდა, საჯარო რეესტრის ყოფილმა თავმჯდომარემ ბრალდებებს ფეისბუქზე უპასუხა. მან თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა და გაასაჯაროვა ყოფილი თანამშრომლის და მისი ქმრის სახელი.

აღსანიშნავია, რომ სამსახურიდან გათავისუფლება სასამართლოში გასაჩივრებული აქვს ეკა მესხიძის ქმარს. მის "უფლებებს საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" იცავს.

პაპუნა უგრეხელიძის მტკიცებით, ეკა მესხიძემ სახალხო დამცველს შურისძიების გამო მიმართა, რადგან მან სამხასურიდან მისი ქმარი გაათავისუფლა. საჯარო რეესტრის ყოფილი უფროსი ასევე წერს, რომ მესხიძე ქმრის გათავისუფლების შემთხვევაში სახალხო დამცველთან ჩივილით აშანტაჟებდა.

პაპუნა უგრეხელიძის თქმით, შანტაჟის, ასევე პატივისა და ღირსების შელახვის გამო აპირებს სასამართლოს მიმართოს. მისივე განცხადებით, ერთადერთი, რისთვისაც ბოდიშს იხდის, ისაა, რომ მესხიძესთან მეგობრობდა.

კომენტარები