აშშ-ის სანქციები რუსეთს

აშშ: ბანკები, რომლებიც სანცქირებულ ოლიგარქებს მოემსახურებიან დაისჯებიან

RT

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის წარმომადგენლები ლონდონში ბრიტანეთის საფინანსო სექტორის მაღალჩინოსნებს შეხვდნენ. Bloomberg-ის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზინის დეპარტამენტის მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ეკონომიკურ სანქციებთან დაკავშირებით, სიგალ მანდელკერმა თქვა, რომ თუ ბრიტანული ბანკები სანქცირებულ ოლიგარქებს მოემსახურებიან ისინი ამისთვის "შედეგებს მოიმკიან".

"რა თქმა უნდა თუ ბრიტანული საფინანსო ინსტიტუტები გააგრძელებენ იმ პირებთან ურთიერთობას, ვისაც სანქციები შეეხო, ეს მათ ნეგატიურ შედეგებს მოუტანს. შესაძლოა, დაწესდეს დამატებითი სანქციები სწორედ ამ სახის თანამშრომლობის გამო", - ამბობს მანდელკერი.

აშშ-ს ევროპული საფინანსო დაწესებულებები სანქირებულ პირებთან კავშირის გამო წარსულშიც დაუსჯია. 2014 წელს BNP Paribas-ი აშშ-მა $8.97 მილიარდით დააჯარიმა. ბანკი სანქცირებული კუბის, სუდანისა და ირანის კომპანიებს ემსახურებოდა. 2012 წელს ბრიტანული  Standard Chartered $667 მილიონით დაჯარიმდა. ბანკმა ირანის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციები დაარღვია.

დიდი ბრიტანეთი რუსი ოლიგარქებისთვის წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილი იყო. მეტიც, ოლიგარქების უდიდესი ნაწილი რუსეთს გარეთ უძრავ ქონებასა და ინვესტიციებს დიდ ბრიტანეთში ახორციელებდა. ამ მხრივ ასევე მოწინავე ადგილზე საფრანგეთია.

დიდ ბრიტანეთში მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები წელიწადში საშუალოდ £90 მილიარდის ინვესტიციას ახორციელებენ. ამ ინვესტიციების დიდი ნაწილი ლუქს კლასის უძრავი ქონების შეძენაზე იხარჯება.

დიდი ბრიტანეთი გეგმავს გადახედოს 700 საცხოვრებელ ვიზას, რომლებიც რუსეთის მდიდარ მოქალაქეებზე იქნა გაცემული. 

მანდელკერი საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან ანალოგიურ შეხვედრებს გამართავს საფრანგეთსა და გერმანიაში. 

ეკონომიკური სანქციების ფონზე რუსეთი აშშ-ის მიმართ საპასუხო ნაბიჯების გადადგმას განიხილავს. გუშინ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ რომ ქვეყანა ამერიკული სანქციების საპასუხოდ სავაჭრო შეზღუდვების დაწესებას განიხილავს. 

მედვედევს არ დაუკონკრეტებია რა სანქციებზეა საუბარი, მან თქვა, რომ ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას რუსეთის პრეზიდენტი მიიღებს. რა ეკონომიკური სანქციებიც არ უნდა დაუწესოს რუსეთმა ამერიკას მისი შედეგები ამერიკული სანქციების შედეგებზე მცირე იქნება, რადგანაც რუსეთს გლობალურ ეკონომიკასა და საერთაშორისო საფინანსო სექტორზე ბევრად მცირე გავლენა აქვს ვიდრე ამერიკას. ამავდრულად, რუსი ოლიგარქების ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი განთავსებულია აშშ-ის პარტნიორ ქვეყნებში, რომლებიც ამერიკული სანქციების შესაბამისად წყვეტენ ურთიერთობებს ამ პირებთან.

2017 წელს ამერიკის ექსპორტმა რუსეთში $6.9 მილიარდი შეადგინა, რუსეთიდან ამერიკის იმპორტი კი $17 მილიარდი დოლარი იყო.

კომენტარები