ფემიციდი

გობაძე ბაქრაძეზე: ციხიდან დამირეკა, შეწყალება ჩემს შვილს დაეხმარებაო, მისმა შვილმაც მთხოვა

რუსთავი 2

ბარნოვის ქუჩაზე ქალის მკვლელობაში ბრალდებულის ყოფილი ცოლის თქმით, ვეფხია ბაქრაძის შეწყალების თხოვნით კომისიას ბაქრაძის შვილის გამო მიმართა.

"ციხიდან დამირეკა თვითონ. რაღაც შეწყალება კეთდებაო, შეიძლება ისიცო. მაგრამ მე კი არა, ჩემს შვილს უფრო დაეხმარება ეს - როგორც სამი შვილის დედას, შეიძლება სოციალური გააკეთოსო. მე ვუთხარი, რომ შენთვის არა, მაგრამ შენი შვილისთვის გავაკეთებ-მეთქი.

მისმა შვილმაც დამირეკა, გამომყვები რომ შეწყალება დაწეროო? ისიც მაინცდამაინც აღფრთოვანებული არ იყო მაგით, შემაწუხაო, დამღალაო. იმ დღეს ვერ დავწერეთ, სამი დღის მერე მივედით და დავწერე ორი სიტყვით, რომ "გთხოვთ შეიწყალოთ", - ამბობს ნათია გობაძე.

მისივე თქმით, ბაქრაძეს შეწყალებაზე უარი უთხრეს, რის გამოც მან უსაყვედურა.

"დამირეკა და მითხრა, რომ სულ ეგ იყოო და მეტი სათქმელი არაფერი გქონდაო? არ დაკანონდა, უარყოფითი პასუხი მომივიდაო. ვალდებულება მოიხადეო. ვუთხარი, რომ მისთვის არც გამიკეთებია ეს, ის არც გამითვალისწინებია. მიპასუხა - გამოვალ აქედან, მეც არ გაგითვალისწინებო და გამითიშა ტელეფონი. ამის შედეგ წელიწადნახევარზე მეტ ხანს მირეკავდა ციხიდან და არ ვპასუხობდი. სულ მსაყვედურობდა და მთხოვდა მივსულიყავი ციხეზე მის სანახავად. არ ვპასუხობდი, მასთან არანაირი ურთიერთობის გაგრძელებას არ ვაპირებდი. მანამდეც იყო გაფრთხილებული, რომ არ ჰქონდა უფლება არც სატელეფონო ზარით, არც პირადად, მე შემხებოდა და დამლაპარაკებოდა", - ამბობს ნათია გობაძე რუსთავი 2-თან.

13 აპრილს, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილი ცივი იარაღით მოკლეს. ბრალდებული მოკლულის დედის, ნათია გობაძის ყოფილი ქმარი, 46 წლის ვეფხია ბაქრაძეა. მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე პოლიციას მის სახელზე შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი. 

აღსანიშნავია, რომ ვეფხია ბაქრაძე ოჯახში ძალადობისთვის წარსულშიც იხდიდა სასჯელს. ის პრეზიდენტმა შეიწყალა და საპატიმრო ვადა გაუნახევრა. ბაქრაძემ საპატიმრო 2017 წელს დატოვა.

ცნობილი გახდა ისიც, რომ სასჯელაღსრულების სამინისტროს ე.წ. უდო-ს კომისიამ ვეფხია ბაქრაძეს გათავისუფლებაზე ექვსჯერ უთხრა უარი. პრეზიდენტმა დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ.

"ვერ გვექნებოდა ინფორმაცია უდო-დან, რადგან ეს უარი უთხრეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩვენ გავუნახევრდეთ სასჯელი. 

თუ უდოს ჰქონდა ინფორმაცია რომ ასე უარყოფითად ხასიათდებოდა, რატომ არ გვქონდა ჩვენ? რატომ გვქონდა ჩვენ დადებითი დასკვნა და თურმე უდოს ჰქონდა უარყოფითი დასკვნა? ჩვებ ხომ ვემყარებით იმ წყაროების დასკვნას, ვისაც უნდა ვემყარებოდეთ? რატომ დაუმალეს შეწყალების კომისიას ეს ინფორმაცია? რატომ გვქონდა ჩვენ ასეთი უაღრესად დადებითი დასკვნა?", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები