ფემიციდი

მიესაჯოს უვადო პატიმრობა – შუახევში მომხდარ ფემიციდის შემთხვევაზე ბათუმში აქცია გაიმართა

კადრი ვიდეოდან/TVFormula

ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან შუახევში მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით აქცია გაიმართა. სასამართლო განიხილავს 2 აპრილს ახალგაზრდა ქალის მკვლელობის საქმეს, რომელშიც ბრალდებული ქალის მეუღლეა. აქციის მონაწილეები კაცისთვის უვადო პატიმრობის შეფარდებას ითხოვენ. 

"სამაგალითოდ დაისაჯოს პიროვნება, რომელიც ასე სასტიკად მოგვექცა და კანონის უმაღლესი სასჯელით გათვალისწინებული უვადო პატიმრობა მიესაჯოს, ამ გიჟს. გამოძიება ამას არ სჭირდება" - ამბობს აქციის მონაწილე TV ფორმულასთან

პროკურატურამ მეუღლის გენდერის ნიშნით მკვლელობისთვის ბრალი ახალგაზრდა კაცს წარუდგინა. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2 აპრილს, შუახევის მუნიციპალიტეტში ბრალდებულმა, რომელსაც მიაჩნდა, რომ მისი მეუღლის ცხოვრების წესი არ შეესაბამებოდა კულტურულ, ტრადიციულ ნორმებს და ხელყოფდა მის ღირსებას, გენდერის ნიშნით დაზარალებულს ბასრი საგნით სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა, შემდეგ კი თვითმკვლელობა სცადა. 

გარდაცვლილი ქალის ცხედარი შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნენიის ტერიტორიაზე იქნა აღმოჩენილი.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 9 აპრილს სასამართლოს განჩინების საფუძველზე, საავადმყოფოში დააკავეს. დაკავებამდე ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა" - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურის ცნობით, დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის თ და კ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ჩადენილი გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები