ბულინგი

ომბუდსმენი: გავრცელებულ ვიდეოში ბავშვზე ძალადობის და ბულინგის ფაქტი იკვეთება

სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეო ჩანაწერში არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის და ბულინგის ფაქტი იკვეთება. ნინო ლომჯაირა მიიჩნევს, რომ ვიდეოს გავრცლეება მყისიერად უნდა აღიკვეთოს და დაიწყოს გადაუდებელი გამოძიება.

"ვიდეო გადაღებულია ბავშვების მიერ და მოიცავს ბავშვის მიმართ სასტიკ დამოკიდებულებას, მუქარას, შეუსაბამო სიტყვებსა და ქმედებებს.

კადრებში ნათლად ჩანს არასრულწლოვნის სახე, შესაბამისად შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება, რაც არღვევს ბავშვის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას და საფრთხეს უქმნის მის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას. ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, ვიდეო ფართოდ ვრცელდება სოციალურ ქსელებში, რაც სახალხო დამცველს ყოვლად დაუშვებლად მიაჩნია", - აცხადებს სახალხო დამცველი.

ომბუდსმენი შესაბამის სახელმწიფო უწყებებს მოუწოდებს:

  • მყისიერად აღიკვეთოს ვიდეო ჩანაწერის გავრცელება;
  • დაიწყოს შემთხვევის გადაუდებელი გამოძიება, მოხდეს მასში მონაწილე პირების და გავრცელების წყაროს იდენტიფიცირება;
  • შესაბამისი ფსიქოლოგიური და სოციალური მხარდაჭერა გაეწიოს მსხვერპლ ბავშვს, მათ შორის განხორციელდეს მონიტორინგი სამომავლოდ მისი უფლებების დაცვის და მეორადი ვიქტიმიზაციის თავიდან ასაცილებლად;
  • გატარდეს ყველა ღონისძიება ვიდეო ჩანაწერში მონაწილე ბავშვების ძალადობრივი ქცევის კორექციის და მათთვის ყველა შესაბამისი სერვისის შეთავაზების მიმართულებით.

სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ საქმის შესწავლა დაიწყეს და გამოთქვამენ მზადყოფნას, ითანამშრომლოს ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებასთან.

გარდა ამისა, ომბუდსმენი საზოგადოებას მოუწოდებს თავი შეიკავონ ვიდეოს გავრცელებისგან, ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.

ცნობისთვის, FACEBOOK-სა და YOUTUBE-ზე გავრცელდა ვიდეო, სადაც არასრულწლოვანს, სავარაუდოდ, არასრულწლოვნები, ამცირებენ და შეურაცხყოფას აყენებენ. 

საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე (სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში) და 157-ე პრიმა (პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა) მუხლების მეორე ნაწილებით დაიწყო. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები