რუსთავი 2-ის საქმე

NGO-ები რუთავი 2-ზე: მნიშვნელოვანია არ გაუქმდეს ევროსასამართლოს დროებითი ღონისძიება

0 კომენტარი
ფოტო: რუსთავი 2

17 არასამთავრობო ორგანიზაცია "რუსთავი 2-ის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვით საქართველოს მთავრობა ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოს სთხოვს, ტელეკომპანიასთან დაკავშირებით დროებითი ღონისძიება გააუქმოს და სასამართლო დავის დასრულებამდე კომპანია მის "კანონიერ მესაკუთრეს - ქიბარ ხალვაშს" გადაეცეს.

"ნიშანდობლივია, რომ ეროვნულ დონეზე საქმის განხილვას თან ახლდა არაერთი გარემოება, რაც ლეგიტიმური კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა სასამართლოს მიუკერძოებლობას და ასევე მიანიშნებდა ხელისუფლების დაინტერესებაზე საქმის შედეგით. მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ არ გაუქმდეს დროებითი ღონისძიება ევროსასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, რათა მესაკუთრის ცვლილებამ მაუწყებლის კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება არ გამოიწვიოს. ის, რომ სწორედ "რუსთავი 2-ის" კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკაა ხელისუფლებისათვის პრობლემა, მათ მიერ სტრასბურგის სასამართლოსთვის გაგზავნილი მიმართვაშიც ნათლად ჩანს. აღსანიშნავია, რომ დიდწილად სწორედ დროებითი ღონისძიების მეშვეობით გახდა შესაძლებელი კრიტიკული და პლურალისტური მედიაგარემოს შენარჩუნება 2017 წლის არჩევნების პერიოდში", - აცხადებენ ორგანიზაციები.

განცხადებას ხელს აწერენ:

  • საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო;
  • ფონდი ღია საზოგადოება-საქართველო (OSGF);
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED);
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI);
  • მედიის განვითარების ფონდი (MDF);
  • საზოგადოება და ბანკები;
  • საქართველოს ფერმერთა ასოციაცია;
  • საქართველოს ატლანტიკური საბჭო;
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI);
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS);
  • კავშირი საფარი;
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი;
  • კვლევითი ჟურნალიტიკის და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი;
  • მედიის ინსტიტუტი;
  • ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი;
  • ახალი ეკონომიკური სკოლა;
  • კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი.

ტელეკომპანია რუსთავი 2-მა გუშინ, 20 აპრილს გაავრცელა ინფორმაცია, რომ იუსტიციის სამინისტროს, როგორც მოპასუხე მხარის, მიერ სტრასბურგში გაგზავნილ დოკუმენტში, თეა წულუკიანის უწყება ევროსასამართლოს შეჩერების ღონისძიების გაუქმებას სთხოვს, რითიც ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშის ხელში გადავა.

ტელეკომპანიის იურისტების განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების მიერ გაგზავნილ დოკუმენტში წერია, რომ რუსთავი 2-ის სარედაქციო დამოუკიდებლობას საფრთხე არ ემუქრება და სტრასბურგის მიერ გამოყენებული დროებითი ღონისძიება საქართველოს სასამართლოსთვის იმიჯის შემლახავია. 

ამასთან, მათივე ცნობით, დოკუმენტში წერია, რომ სასამართლოზე ზეწოლას არა ხელისუფლება, არამედ რუსთავი 2 ახდენს, რის არგუმენტადაც, მათივე განცხადებით, ევროპული საქართველოსა და ტელეკომპანიის ყოფილი თანამშრომლის, აკაკი გოგიჩაიშვილის, განცხადებებს იყენებს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები