salone del mobile

Salone del Mobile.Milano - ავეჯის ყველაზე მასშტაბური გამოფენა მილანში

0 კომენტარი

ამბობენ, რომ უმჯობესია, მილანს აპრილში ესტუმროთ - მაშინ, როცა აქ ინტერიერის დიზაინისა და თანამედროვე ავეჯის გამოფენა იმართება. ერთი კვირის განმავლობაში ეს იტალიური ქალაქი დიზაინის სამყაროს ცენტრი ხდება - ასი ათასობით ჟურნალისტი, კოლექციონერი, კრიტიკოსი, ენტერპრენერი, დიზაინერი, ბიზნესმენი თუ უბრალოდ ცნობისმოყვარე ადამიანი თავს Salone del Mobile-ზე იყრის.

Salone Del Mobile სათავეს 1961 წლიდან იღებს და დღეს ის მსოფლიოში ამ ტიპის ყველაზე დიდი ღონისძიებაა. ორგანიზატორები გამუდმებით ამბობენ, რომ ეს მოვლენა გაცილებით მეტია, ვიდრე შეიძლება სიტყვები „ავეჯის ბაზრობა“ გეუბნებოდეთ. მართლაც, თუ Salone Del Mobile-ს უბრალოდ ავეჯის ბაზრობად მოიხსენიებთ, ამ სფეროთი დაინტერესებული ადამიანები გეტყვიან, რომ ეს იგივეა, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს ბურთის გორაობა უწოდოთ.

და მაინც, რატომ უნდა დაგაინტერესოთ იტალიის მოდის დედაქალაქში გამოფენილმა ძვირადღირებულმა ავეჯმა და ინტერიერის დიზაინის ფუფუნების საგნებმა? პასუხი მარტივია: სწორედ აქ ამოირჩევა ის სიახლეები და ტენდენციები, რასაც მომდევნო წლებში ყველა მასობრივ ბაზარზე გათვლილი პროდუქციის მწარმოებლების დახლებზე ნახავთ.

2018 წლის Salone Del Mobile-ს რიგით 57-ე გამოფენა ტრადიციულად დიზაინერების კოლაბორაციებით, პრეზენტაციებით, ინსტალაციებითა და დამოუკიდებელი დებიუტებით დახუნძლული გამოდგა. უპრეცედენტო იყო ღონისძიების მასშტაბი - ექვსი დღის განმავლობაში საგამოფენო პავილიონებს მსოფლიოს 188 ქვეყნიდან თითქმის ნახევარი მილიონი ადამიანი ესტუმრა. საკუთარი პროდუქცია 1841-მა ექსპონენტმა წარმოადგინა. მათგან თითქმის მესამედი სხვა ქვეყანას წარმოადგენდა.

გამოფენის ძირითადი ნაწილი მილანთან ახლოს, როს ტერიტორიაზე, 230 ათას კვადრატულ მეტრზე განლაგებულ პავილიონებში იმართება და თემატურ ნაწილებად იყოფა:

ავეჯისა და აქსესუარების საერთაშორისო გამოფენა

ტერიტორიაზე, რომელიც ამ გამოფენას უკავია, კლასიკური ავეჯის, ინტერიერის დიზაინისა და ლუქს-კლასის პავილიონებს შეხვდებოდით. დამთვალიერებლები ერთფეროვნებით ნადვილად არ მოიწყენდნენ, თუმცა, ოთახების დიზანში საერთო ჯამში წითელ-ვარდისფერი და ნაცრისფერი ჭარბობდა. თუ ყველა ტენდენციის საერთო მახასიათებელი უნდა გამოვყოთ, ეს საგნების ნარაციის, თხრობის უნარზე კონცენტრაცია იქნება. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ნივთების უნარს, შექმნან ატმოსფერო.

ფოტო: Luca Fiammenghi / Salone del Mobile.Milano

EuroCucina 

ეს სამზარეულოს აღჭურვილობას და ტექნიკის გამოფენაა, რომელსაც ტრადიციულად ცალკე ნაწილი ეთმობა. წელს საკუთარი პროდუქცია 117-მა კომპანიამ გამოფინა. შეიძლება ითქვას, რომ მათი საერთო მახასიათებელი, ეფექტურობასთან ერთად, არის იდეა, რომ სამზარეულო მეტია, ვიდრე სახლის მხოლოდ ფუნქციური ნაწილი - ეს თავშეყრისა და სოციალიზაციის ადგილია. ახალ ფორმებთან, ფერებთან და მასალასთან ერთად, თითოეული ექსპონენტი შეეცადა, საუკეთესოდ წარმოეჩინა მისი ბრენდის თანამედროვე დიზაინი, ტექნოლოგიური წინსვლა, ენერგოეფექტურობა და მოხერხებულობა.

ფოტო: Salone del Mobile.Milano

აბაზანები

გამოფენის კიდევ ერთი ნაწილი სააბაზანოებმა დაიკავეს. თანამედროვე აბაზანის მოწყობისთვის საჭირო ნივთები თანხვედრაშია დღევანდელი ბაზრის მოთხოვნასთან - ეფექტურობა და ენერგიის მოხმარების დაზოგვა.

ფოტო: Andrea Mariani / Salone del Mobile.Milano

SaloneSatellite

Salone del Mobile-ს ერთერთი გამორჩეულად საინტერესო ნაწილი პარალელური გამოფენა SaloneSatellite-ა, რომელზეც საკუთარ ნამუშევრებს ახალგაზრდა დიზაინერები წარმოადგენენ. დამწყებ, თუმცა თავის საქმეში გამორჩეულ დიზაინერებს თავის წარმოჩენის ეს შესაძლებლობა 1998 წლიდან ეძლევათ და როგორც წესი, მათი სამომავლო წარმატების საწინდარიც ხდება. წლევანდელი გამოფენა აფრიკისა და ლათინური ამერიკის თემატიკას დაეთმო. დაინტერესების შემთხვევაში, საკუთარ სტენდთან მყოფი ახალგაზრდა დიზაინერები დაწვრილებით აგიხსნიდნენ მათ მიერ დამზადებული ნივთების კონცეფციასა და დანიშნულებას."მსუბუქი სამზარეულო" - საერთაშორისო ჟიურიმ SaloneSatellite-ზე იტალიელი დიზაინერის სწორედ ეს ნამუშევარი გამოარჩია:

"მსუბუქი სამზარეულო" - SaloneSatellite-ს ჟიურის მიერ არჩეული ნამუშევარი ფოტო: Salone del Mobile.Milano

მთლიანი გამოფენიდან, გამორჩეული ნამუშევრებისთვის წლევანდელი Salone del Mobile-ს ჯილდოს მფლობელები, საერთაშორისო ჟიურის გადაწყვეტილებით, CC-Tapis, Magis და Sanwa გახდნენ.

CC-tapis - ხალიჩების მწარმოებელი ბრენდის სტენდი, რომელიც ჯილდოს მფლობელი გახდა ფოტო: cc-tapis.com

როს ტერიტორიაზე მოწყობილი პავილიონები ყველაფერი არ არის - პარალელური ღონისძიები ქალაქის სხვადასხვა ნაწილს მოიცავს. მაგალითად, წელს ერთერთი ასეთი იყო პროექტი „ცოცხალი ბუნება“. პიაცა დელ დუომოზე მოწყობილ სივრცეში დამთვალიერებლებს ერთდროულად, ერთმანეთის გვერდით არსებულ წელიწადის ოთხი სეზონის შესაბამის მიკროკლიმატში შეეძლოთ გადაადგილება. პროექტის მიზანი ურბანული სივრცეებისა და ბუნების თანაარსებობის შესაძლებლობის ჩვენება გახლდათ.

მომავალ წელს Salone del Mobile.Milano 9-14 აპრილს გაიმართება. თუ დააპირებთ, მილანს ესტუმროთ, გირჩევთ, ეს სწორედ ამ პერიოდს დაამთხვიოთ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პოლიციამ სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის 2 თანამშრომელი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები