თანდოიანცის ეკლესია

რელიგიათა საბჭო თანდოიანცის ეკლესიასთან დაკავშირებით ხელისუფლებას მიმართავს

რელიგიათა საბჭო
tolerantoba.ge

სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო თანდოიანცის ეკლესიასთან დაკავშირებით ხელისუფლებას მიმართავს. 

"გვინდა აღვნიშნოთ, რომ თანდოიანცის ეკლესიის საკითხი არ არის ცალკე აღებული შემთხვევა და ის რელიგიური გაერთიანებებისთვის საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ქონების რესტიტუციის გადაუჭრელი პრობლემის ნაწილი და თვალსაჩინო მაგალითია.

რელიგიათა საბჭოს წევრები მრავალი წელია გულისტკივილით ვსაუბრობთ, რომ სახელმწიფო არ იჩენს ნებას, დაუბრუნოს რელიგიური ნაგებობები ისტორიულ მესაკუთრეებს. ამასობაში, ძეგლების დიდი ნაწილი ინგრევა, იცვლება მათი იერსახე, იშლება არაერთი რელიგიური ჯგუფის უმნიშვნელოვანესი კვალი საქართველოს ისტორიაში და ირღვევა მრავალფეროვნებით მდიდარი ქართული კულტურის მთლიანობა,"- წერია საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

განცხადებაზე ხელმომწერნი საქართველოს ხელისუფლებას შემდეგი მოთხოვნებით მიმართავენ:

  • დაუყოვნებლივ შეწყდეს თანდოიანცის ეკლესიაზე მიმდინარე ზემოქმედება;
  • სამართლიანად გამოიკვლიოს აღნიშნული ეკლესიის ისტორია და უზრუნველყოს მისი სომეხთა სამოციქულო ეკლესიის ეპარქიისათვის დაბრუნება;
  • უმოკლეს დროში გადადგას რეალური ნაბიჯები რელიგიური გაერთიანებებისთვის საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ისტორიული საკუთრების დასაბრუნებლად;
  • ხელი შეუწყოს საქართველოს სიმდიდირის - რელიგიური, ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნებას და წარმოჩენას;
  • მოუფრთხილდეს საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას და მის თვალსაჩინო ნაწილს - სხვადასხვა კონფესიების საკულტო ნაგებობებს.

მიმართვას ხელს აწერენ:

  1. ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია
  2. სომეხთა კათოლიკე ეკლესია
  3. ევანგელურ-ლუთერული ეკლესია
  4. ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია
  5. სახარების რწმენის ეკლესია
  6. სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქია
  7. მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესია
  8. ეზიდთა სასულიერო საბჭო
  9. ევანგელური ეკლესია “სიცოცხლის სიტყვა”
  10. ქართველ მუსლიმთა კავშირი
  11. სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო
  12. ხსნის არმია
  13. საქართველოს კრიშნას ცნობიერების საერთაშორისო საზოგადოება
  14. წმინდა სამების პროტესტანტული ეკლესია
  15. დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია
  16. მეგობართა საზოგადოება - კვაკერები
  17. სვედენბორგიანული საზოგადოება საქართველოში
  18. ევანგელური ეკლესია „ურყევი საფუძველი“

2017 წელს სახელმწიფომ სომხური ტაძარი საკუთრებაში საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას გადასცა. არაერთი ისტორიული წყარო და ფაქტი ადასტურებს, რომ საბჭოთა ოკუპაციამდე ნაგებობა სომეხთა სამოციქულო ეკლესიას ეკუთვნოდა. არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ტაძრის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები ცვლიან ძეგლის იერსახეს და შლიან სომეხი თანამოქალაქეების ისტორიულ კვალსა და ღვაწლს. .

31 მარტს TDI-მ და EMC-მ გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, სადაც დეტალურადაა აღწერილი, როგორ იცვლება ტაძრის იერსახე. 

კომენტარები