შსს

გუშინ ვაკეში მომხდარი სროლის ფაქტზე, შსს-მ ერთი პირი დააკავა

facebook.com/naili.vakhania

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაკეში მომხდარი სროლის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. 

შემთხვევა გუშინ, 19 მაისს მოხდა. დაახლოებით, 20:00 საათზე სოციალურ ქსელში მომხმარებელმა ნაილი ვახანიამ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მისი მტკიცებით, ჩანდა პირი, რომელმაც მასა და მის ძმას რამდენიმე წუთით ადრე ესროლა. 

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში აცნობეს, გამოძიება გუშინვე დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. 

შსს-ს ცნობით, გამოძიების შედეგად, დაადგინეს, რომ გასროლა 1979 წელს დაბადებულმა ლ.რ.-მ განახორციელა, რომელიც სამართალდამცავებმა 236-ე მუხლის დარღვევის საფუძველზე დააკავეს.

"გამოძიების პირველადი ინფორმაციით, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ლ. რ.-სა და მის ძმას - 1981 წელს დაბადებულ ზ.რ.-ს კონფლიქტი მოუხდათ 1992 წელს დაბადებულ გ.ვ.-სთან, რა დროსაც ლ.რ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართოდ გაისროლა. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა. პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი, რომლიდანაც გასროლა განხორციელდა,"- წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

უწყების ცნობით, გამოძიება კვლავ გრძელდება. 

კომენტარები