ხორავას ქუჩის საქმე

პრემიერი სარალიძეს: ღმერთის წინაშე ვამბობ, აბსოლუტურად შევდივარ თქვენს მდგომარეობაში

მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს პრემიერმინისტრი ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის და ლევან დადუნაშვილის მშობლებს შეხვდა. შეხვედრებს ადვოკატები, სახალხო დამცველი, შს მინისტრი გიორგი გახარია და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი შალვა თადუმაძე დაესწრნენ.

"სამწუხაროდ, აქამდე არ მომეცა საშუალება, მშვიდ ვითარებაში შეგხვედროდით. კიდევ ერთხელ მინდა, მოგისამძიმროთ. ღმერთის წინაშე მინდა ვთქვა, რომ აბსოლუტურად შევდივარ თქვენს მდგომარეობაში და ეს ჩემთვის ისეთივე ტრაგედიაა, როგორც ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც თქვენი ოჯახების უბედურებას უყურებს“, - უთხრა გიორგი კვირიკაშვილმა ზაზა სარალიძეს.

"შეხვედრაზე შედგა შეთანხმება, რომ სარალიძეების ოჯახი სახალხო დამცველის მეშვეობით საქმის მასალებს გაეცნობა. ანალოგიური შეთანხმება შედგა დადუნაშვილების ოჯახთან შსს-ში რამდენიმე დღის წინ გამართულ შეხვედრაზე" - აცხადებს მთავრობის ადმინისტრაცია და აღნიშნავს, რომ ასევე შეთანხმდნენ კონკრეტულ ფორმატზე, რომელიც ზაზა სარალიძეს გამოძიების მიმდინარეობისას ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას მისცემს.

კომენტარები