“მე აქ ვიქნები, ვიდრე ჩემი შვილის მკვლელებს არ დაიჭერენ და არ დაიჭერენ იმ პირებს, ვინც ამ მკვლელებს ხელი დააფარა“, - ამბობს მოკლული არასრულწლოვნის მამა ზაზა სარალიძე. ის რუსთაველის გამზირის სავალ ნაწილზე გაშლილ კარავში გეგმავს დარჩენას. მთავრობის მხრიდან მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ დაიშლებიან.
ზაზა სარალიძე გიორგი კვირიკაშვილის, თეა წულუკიანისა და გიორგი გახარიას გადადგომას, ასევე ირაკლი შოთაძის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას მოითხოვს.
“გახარიას უწყება რომ აყალბებდა ამ საქმეს, თავიდანვე ვიცოდი, მაგრამ ბოლომდე დარწმუნებული არ ვიყავი. დღეს ამაში დავრწმუნდი. მეჯახება მთავრობა და სისტემა?! მე აქ ვიქნები, ვიდრე ჩემი შვილის მკვლელებს არ დაიჭერენ და არ დაიჭერენ იმ პირებს, ვინც ამ მკვლელებს ხელი დააფარა. კარვების გზაზე გადატანა ჩემი გეგმის უკიდურესი ნაწილი იყო. მე მოვუწოდე მმართველ პარტიას გვერდში დამდგომოდა, მაგრამ არავინ მოვიდა“, - ამბობს სარალიძე.
საპროტესტო აქცია სახელწოდებით "ნუ მომკლავ" 16:00-ზე დაიწყო. აქციის ორგანიზატორებს შორის არიან: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, სახელმწიფო ხალხისათვის, ახალი საქართველო და ლეიბორისტული პარტია.