ესპანეთი

გემი, რომელმაც ხმელთაშუა ზღვაში 630 მიგრანტი გადაარჩინა ვალენსიას პორტმა მიიღო

Reuters

გემი "Aquarius" რომელმაც ხმელთაშუა ზღვაში ჩრდილოეთ აფრიკიდან მომავალი 630 მიგრანტი გადაარჩინა ვალენსიას პორტში შევიდა. გემის მიღება ესპანეთმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მას იტალიამ და მალტამ პორტები დაუკეტეს. შედეგად მიგრანტებს, რომელთა შორის 123 არასრულწლოვანი და 7 ორსული ქალია ზღვაში გემზე ერთი კვირის გატარება მოუხდათ.

ესპანეთის ახლად-დანიშნულმა პრემიერმინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ ჰუმანიტარული კატასტროფის თავიდან აცილება მისი მოვალეობა იყო. ნაპირზე მათ საკვები და პირველადი სამედიცინო დახმარება დახვდათ.

შეგახსენებთ, რომ  გემი საქველმოქმედო ორგანიზაცია SOS Méditerranée-ს ეკუთვნის და გასულ კვირას მათ ხმელთაშუა ზღვაში ჩაძირვის პირას მყოფი ხომალდიდან 629 ადამიანი გადაარჩინეს. მათი უმეტესობა ერითრეადან, განადან, ნიგერიიდან და სუდანიდან ევროპაში არალეგალურად გადასვლას ლიბიის გავლით ცდილობდა.

იტალიის შინაგან საქმეთა ახალმა მინისტრმა, პარტია "ჩრდილოეთის ლიგის" ლიდერმა მატეო სალვინიმ გემს იტალიური პორტებით სარგებლობაზე უარი უთხრა. სალვინიმ განაცხადა, რომ მიგრანტები მალტამ უნდა მიიღოს.

"მალტა არავის იღებს. საფრანგეთი ხალხს საზღვრიდან აბრუნებს. ესპანეთი საკუთარ საზღვრებს იარაღით იცავს. შეუძლებელია რომ მალტამ დახმარების ყველა თხოვნას უარით უპასუხოს. ღმერთმა მალტა სიცილიაზე უფრო ახლოს განათავსა აფრიკასთან." თქვა სალვინიმ.

მალტა აცხადებს, რომ გემმა მიგრანტები ლიბიის წყლებიდან აიყვანა და შესაბამისად ისინი იტალიის იურისდიქციაში არიან.

მიუხედავად იმისა, რომ იტალიის სამხრეთით მდებარე რამდენიმე ქალაქის, მათ შორის პალერმოს მერმა გადაწყვიტა გემს მათ პორტში შესვლის უფლება მისცეს, სანაპირო დაცვის მხადაჭერის გარეშე გემმა პორტებში შესვლა ვერ შეძლო.

იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებას საფრანგეთის მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა. ემანუელ მაკრონმა იტალიის მთავრობა "ცინიზმსა და უპასუხისმგებლობაში" დაადანაშაულა. საფრანგეთის მთავრობამ განაცხადა, რომ გემის მგავრებთაგან ნებისმიერს, ვისაც საფრანგეთში გადასვლის და ცხოვრების სურვილი ექნება შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ ამის საშუალებას მისცემს.

კომენტარები