ძალადობა

NGO-ები ბესიკ ქათამაძის ცემის ფაქტის დროულად და ეფექტურად გამოძიებას ითხოვენ

არასამთავრობო ორგანიზაციები

რვა არასამთავრობო ორგანიზაცია შეშფოთებას გამოთქვამს ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრის, ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატის, ბესიკ ქათამაძის ცემის ფაქტზე. ისინი მოუწოდებენ სამართალდამცავ ორგანოებს, დროულად და ეფექტურად გამოიძიონ აღნიშნული შემთხვევა, მათ შორის - გამოავლინონ ინციდენტში მონაწილე ყველა პირი.

"ხაზგასასმელია, რომ ეს არ არის პოლიტიკურ ოპონენტებზე თავდასხმის პირველი შემთხვევა, ამგვარი ინციდენტები განსაკუთრებით ხშირია წინასაარჩევნო პერიოდებში, მათ შორის აღნიშვნის ღირსია 2016 წლის 22 მაისს კორცხელში განხორციელებული თავდასხმა. თუმცა, არც ერთ წინა შემთხვევაში სამართალდამრღვევი პირების სათანადო დასჯა არ მომხდარა. მსგავს ფაქტებზე არაეფექტური რეაგირება და მოძალადეთა დაუსჯელობა ახალისებს ამგვარ ქმედებებს და ხელს უწყობს არასტაბილური პოლიტიკური გარემოს შექმნას, რაც თავის მხრივ უარყოფით გავლენას ახდენს ქვეყანაში პოლიტიკური პლურალიზმსა და დემოკრატიის ხარისხზე.

ამდენად, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ სამართალდამცავ უწყებებს ჰქონდეთ მკაცრი პოლიტიკა პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გამოვლენილი ნებისმიერი ძალადობის აქტზე და დროულად და სრულყოფილად გამოიძიონ თითოეული ასეთი შემთხვევა" - ნათქვამია განცხადებაში, რომლის ხელმომწერებიც არიან საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), საფარი, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI), მედიის განვითარების ფონდი (MDF), კონსტიტუციის 42-ე მუხლი, დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD), თანასწორობის მოძრაობა და საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS).

არსებული ინფორმაციით, ბესიკ ქათამაძე პარტია ქართული ოცნების წევრებმა კაბინეტში დაიბარეს, სადაც მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. საკრებულოს დეპუტატს ტვინის შერყევა და რამდენიმე ჭრილობა აქვს თავის არეში. ბესიკ ქათამაძის მტკიცებით, თავდასხმის მიზეზი სოციალურ ქსელში მისი აქტიურობა იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს. სამართალდამცავებმა ბრალი ოზურგეთის საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატს ტარიელ აროშიძეს წარუდგინეს. ის სასამართლომ 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ბესიკ ქათამაძის განცხადებით კი, აროშიძის გარდა, ინციდენტში კიდევ 4 პირი მონაწილეობდა. ის მათ დასჯასაც ითხოვს.

აღსანიშნავია, რომ ქართულმა ოცნებამ ოზურგეთის საკრებულოში მომხდარ ინციდენტს ნაციონალური მოძრაობის დაგეგმილი პროვოკაცია უწოდა.

კომენტარები