სასამართლო: დევდარიანის განცხადება ინფორმაციის გაჟონვასთან დაკავშირებით სიცრუეა

ტაბულა

თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით, ზვიად დევდარიანის და მისი ადვოკატის განცხადება სასამართლოდან ინფორმაციის გაჟონვის შესახებ სიცრუეა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

"ზვიად დევდარიანისა და მის ადვოკატის დიმიტრი გაბუნიას მიერ გავრცელებული განცხადება, "სასამართლოდან ინფორმაციის გაჟონვასთან" დაკავშირებით არის სიცრუე და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. მხარეთა მიერ ვარაუდის საფუძველზე გავრცელებული ინფორმაცია და სასამართლოს ობიექტურობაში ეჭვის შეტანა, ხელს უშლის სასამართლოსადმი ნდობის ამაღლებას და მიზნად ისახავს უწყების დისკრედიტაციას.

ზვიად დევდარიანისა და მისი რწმუნებულის განცხადებების ქვეტექსტი, თითქოს სასამართლომ არაოფიციალურად, უკანონოდ და დარღვევით გასცა ინფორმაცია, არ შეესაბამება სინამდვილეს და არის სრული დეზინფორმაცია. სასამართლოს მხრიდან ინფორმაცია გაიცემა მხოლოდ კანონით დადგენილი ფორმითა და წესით", - აღნიშნულია საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლო მოუწოდებს განმცხადებლებს მეტი ყურადღება გამოიჩინონ და დაუზუსტებელი და მცდარი ინფორმაციის გავრცელების ნაცვლად, სასამართლოს მოხელის მხრიდან კონკრეტული გადაცდომის შესახებ ინფორმაციის არსებობისას, მიმართონ შესაბამის ორგანოს.

ცნობისთვის, 19 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თბილისის საქალქო სასამართლომ ზვიად დევდარიანს 11 ქალისა და ტაბულას წინააღმდეგ სარჩელის მიღებაზე უარი უთხრა. ეს ინფორმაცია სასამართლოში მოპასუხე მხარეებმა გადაამოწმეს.

მეორე დღეს ზვიად დევდარიანმა გაავრცელა განცხადება, სადაც ეს ფაქტი დაადასტურა და თქვა, რომ ამაში უცნაური არაფერია. სიდას ყოფილმა ხელმძღვანელმა აქვე აღნიშნა, რომ სარჩელის წარმოებაში მიღების საკითხი უფრო ადრე გახდა ცნობილი სავარაუდო მოპასუხეებისთვის (წინა დღით), ვიდრე მოსარჩელისთვის და ეს საგანგაშოა.

"ეს ნიშნავს იმას, რომ სასამართლოს მხრიდან უკანონოდ იქნა მიწოდებული ინფორმაცია გარკვეული პირებისთვის. შემდგომში მსგავსი უხერხულობის თავიდან აცილების მიზნით, მოვუწოდებთ თბილისის საქალაქო სასამართლოს, მეტი ყურადღება გამოიჩინოს ინფორმაციის გაცემისას და იმოქმედოს კანონით დადგენილ ფარგლებში", - აცხადებს დევდარიანი.

ზვიად დევდარიანი 12 პირს პატივისა და ღირსების შელახვას ედავება. მათ შორის არის ტაბულა, თამარ ჩერგოლეიშვილი, იდა ბახტურიძე, ბაია პატარაია, ეკა ონიანი, თამარ ყურაშვილი, ნინო დანელია, თამარ კაკაბაძე და ის 4 ქალი, რომელიც ზვიად დევდარიანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. მათ საჯაროდ იდენტიფიცირება არ სურთ.

შეგახსენებთ, რომ CIDA-ს უკვე ყოფილი ხელმძღვანელი, ზვიად დევდარიანი 17 მარტს 10-მდე ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. ის მედიის სატელეფონო ზარებს და შესაბამისად, არსებულ კითხვებს არ პასუხობდა. დევდარიანმა რამდენიმე საპასუხო განცხადება გაავრცელა, სადაც წერდა, რომ ეს ბრალდებები მის მიმართ ზეწოლა და შანტაჟია. სიდას ყოფილ თავმჯდომარეს შევიწროებაში მხოლოდ ტაბულასთან საუბრისას 8 სხვადასხვა ქალი ადანაშაულებს.

ქალები სექსუალურ შევიწროებაზე საჯაროდ მას შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც სახალხო დამცველმა ზვიად დევდარიანი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად დაასახელა. ომბუდსმენის ამ გადაწყვეტილებამ გაკვირვება და არშფოტება გამოიწვია. გავრცელებული ბრალდებების შემდეგ დევდარიანმა კანდიდატურა მოხსნა. სახალხო დამცველმა კი თქვა, რომ დევდარიანის მხრიდან შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტების შესახებ მისთვის ცნობილი არ ყოფილა.

ამის შემდეგ, ნინო ლომჯარია იმ ქალებს შეხვდა, რომლებიც ზვიად დევდარიანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ. სახალხო დამცველის განცხადებით, ქალების მონათხრობი შეიცავს როგორც სავარაუდო სექსუალური შევიწროების, ასევე სექსუალური ხასიათის ძალადობის ნიშნებს. აღნიშნულ ფაქტებს სახალხო დამცველი საკუთარი ინიციატივით სწავლობს.

გარდა ამისა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზვიად დევდარიანის გამოძიება ადევნების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე პრიმა მუხლით დაიწყო.

22 მარტს ზვიად დევდარიანი სიდას გამგეობამ ზვიად დევდარიანი აღმასრულებელი დირექტორის პოსტიდან გადააყენა.

დევდარიანი მედიასთან პირველად 3 აპრილს, ადვოკატთან ერთად გამოჩნდა და განაცხადა, რომ პატივისა და ღირსების შელახვის გამო სასამართლოს მიმართავს. მან ბრალდებები უარყო და გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. ზვიად დევდარიანის ინტერესებს ადვოკატი დიმიტრი გაბუნია იცავს.

კომენტარები