არჩევნები თურქეთში

მარგველაშვილი: თურქმა ხალხმა ხმა მისცა განვითარებას, მშვიდობას და სტაბილურობას

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რეჯეფ თაიფ ერდოღანს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. მარგველაშვილის თქმით, თურქმა ხალხმა ხმა მისცა ქვეყნის შემდგომ განვითარებას, მშვიდობას, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას.

"ჩემთვის დიდი პატივია მოგილოცოთ თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხელმეორედ გამარჯვება. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ თურქმა ხალხმა ხმა მისცა ქვეყნის შემდგომ განვითარებას, მშვიდობას, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას, რათა უზრუნველყონ სამომავლო კეთილდღეობა და წარმატება. ბოლო პერიოდის განმავლობაში, ჩვენ თქვენი ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული წინსვლის მომსწრენი გავხდით. მწამს, რომ თქვენი ხელმძღვანელობის პერიოდში თურქეთის რესპუბლიკა წარმატებული განვითარებისათვის ახალ სიმაღლეებს მიაღწევს. საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას მრავალწლიანი მეგობრობა, ძლიერი კულტურული კავშირები და წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებთ. ჩვენი ერები ყოველთვის ერთად იდგნენ ახალი მიღწევების და კეთილდღეობის სადარაჯოზე. ჩვენი მტკიცე პარტნიორობის გათვალისწინებით, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავების ერთობლივი ძალისხმევით მივაღწევთ არაერთ წარმატებას, ორივე ქვეყნის საკეთილდღეოდ. თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი ღრმა პატივისცემა. გისურვებთ ბედნიერებას, ჯანმრთელობას და დიდ წარმატებას ყველა სამომავლო საქმიანობაში, რომელსაც მეგობარი თურქი ხალხის მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის წამოიწყებთ." - წერია მარგველაშვილის მისალოც წერილში.

24 ივნისს თურქეთში გამართულ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაიმარჯვა. თურქული სახელმწიფო მედიის მიხედვით ერდოღანმა ხმათა 52,5% მიიღო, ხოლო მისმა მთავარმა კონკურენტმა, მუჰარემ ინჯემ 31%. შესაბამისად 64 წლის ერდოღანმა გამარჯვება პირველივე ტურში მოიპოვა.

კომენტარები