ხორავას ქუჩის საქმე

კაპანაძე: საკმარისი გარემოებაა, რომ კალანდიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყოს

მეორე არხი

ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, ევროპული საქართველოს დეპუტატის სერგი კაპანაძის განცხადებით, დღევანდელ სხდომაზე გაჩნდა ძალიან ბევრი კითხვა და გამოიკვეთა ორი მნიშვნელოვანი საკითხი. მისი თქმით, აპირებს, ხვალინდელ სხდომაზე დააყენოს საკითხი, რომ კომისიამ იმსჯელოს და შეიმუშაოს რეკომენდაციები შესაბამისი სამართალდამცველი ორგანოების მიმართ. 

"გამოიკვეთა საკმარისი რაოდენობა გარემოებებისა, რაც მიუთითებს, რომ საქმის ერთერთი ფიგურანტის მიხეილ კალანდიას მიმართ შესაძლოა დაწყებული იყოს სისხლისსამართლებრივი დევნა, დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში თანამონაწილეობის მუხლით. ჩანს, რომ ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყო შსს-სა და პროკურატურისთვის გამოძიების დასაწყისშივე, მაგრამ მათ ეს ნაბიჯი არ გადაუდგამთ.

მეორე საკითხია, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი კონფლიქტის დროს, დაიჭრა ერთი მოზარდი გ.მ. ეს ინფორმაცია ასევე ხელმისაწვდომი იყო პირველივე დღეებიდან პროკურატურისა და შსს-სთვის. ამის მიუხედავად, არც ამ საქმის ცალკე გამოყოფა არ მოხდა, თუმცა კანონი ავალდებულებდათ და არ მომხდარა ამის გამოძიება" - განაცხადა კაპანაძემ და აღნიშნა, რომ კომისიამ ამ ორ თემაზე რეკომენდაცია უნდა შეიმუშაოს.

"გარდა ამ ორი საკითხისა, აჩვენა დისკუსიამ, რომ პროკურატურას და შსს-ს არ აქვს ახსნა-განმარტება, რატომ ამოიღეს სათვალთვალო კამერებიდან ინფორმაცია ასე დაგვიანებით და რატომ არ დაკითხეს მოწმეთა ნაწილი მყისიერად, ცხელ კვალზე" - აღნიშნა საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ. 

სერგი კაპანაძის თქმით, დამატებით კითხვებზე, ხვალაც და მომდევნ სხდომებზეც ექნებათ შეკითხვები შესაბამისი უწყებების მიმართ.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 25 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს კახა სირაძეს და საქმის პროკურორს ზვიად ფხაკაძეს მოუსმინა.

მოსმენის პირველ ნაწილში სირაძემ და ფხაკაძემ ევროპული საქართველოს დეპუტატების კითხვებს უპასუხეს. კომისიის უმრავლესობას სწორედ საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატები შეადგენენ.

შეკითხვებმა და მათზე გაცემულმა პასუხებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება გამოავლინა.

რა გავიგეთ 25 ივნისის მოსმენიდან? - ვრცლად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები