ხორავას ქუჩის საქმე

"მარტო ვიჯდები აქ" - კალანდიას დაკავების მოთხოვნით, ზაზა სარალიძე შსს-სთან აქციას მართავს

მიხეილ კალანდიას დაკავების მოთხოვნით, ზაზა სარალიძე შსს-სთან აქციას მართავს.

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა შსს-ში მას შემდეგ მივიდა, რაც დროებით საპარლამენტო კომისიის სხდომაზე, უმრავლესობის დეპუტატებმა ევროპული საქართველოს რეკომენდაციის შესრულებაზე მზადყოფნა არ გამოხატეს. სარალიძე კრიმინალური პოლიციის უფროსს შეხვდა, შემდეგ კი, შსს-ს ეზოში აქცია დაიწყო. სარალიძის თქმით, მას შეხვედრაზე უთხრეს, რომ კალანდიას წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს.

"იქამდე ვიჯდები, სანამ რადიკალურ ზომებს არ მიიღებენ... კრიმპოლის დირექტორს შევხვდი, რომელიც ისევ მიმტკიცებს, რომ მტკიცებულებები არ არსებობს და ვერ დავიჭერთ კალანდიასო.

მტკიცებულებები არსებობს, მაგრამ ხელის დაფარება უნდათ და დააფარონ. მე აქ ვიჯდები სანამ არ დაიჭერენ. ახლაც მაინც ხომ ვერ იტყვიან, ნაციონალები უდგანან გვერდითო? მარტო ვიჯდები აქ. არანაირი პირობა არ მოუციათ, მარტო ამბობენ, დრო უნდა, დრო უნდაო, გავიდა შვიდი თვე. ამათი მოსატყუებელი მე არაფერი მაქვს. თუ უნდოდათ, დაიჭერდნენ. ერთი თვე მივეცი დრო. აფარებენ ხელს, დააფარონ. მინისტრი უნდა წავიდეს საერთოდ სახლში, არ არის გასაჩერებელი საერთოდ, იმიტომ რომ მატყუარა და აფერისტია. თავიდან უნდათ, რომ შეკერონ საქმე, ყველაფერი აქვთ, მაგრამ დროს წელავენ, რომ თავიდან შეკერონ საქმე" - ამბობს ზაზა სარალიძე.

ევროპული საქართველოს წევრებმა ორი წინასწარი რეკომენდაცია შეიმუშავეს - კონფლიქტში მონაწილე მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის, ხოლო ამავე კონფლიქტში მონაწილე გ.მ.-ს დაჭრაზე გამოძიების დაწყება.

"ქართული ოცნების" წარმომადგენლების აზრით, კალანდიას მიმართ დევნის დაწყება ნაადრევია. ხოლო გ.მ-ს დაჭრაზე გამოძიების დაწყების რეკომენდაცია - არასწორი.

კომენტარები