ასტრონომია

პლანეტის დაბადების პირველი დადასტურებული გამოსახულება

ჩამოყალიბების პროცესში მყოფი პლანეტის პირველი გამოსახულება
www.theverge.com

მაქს პლანკის ინსტიტუტის მკვლევრებმა დედამიწისგან 370 მილიონი სინათლის წლით დაშორებული, დაბადების სტადიაში მყოფი პლანეტის გამოსახულება დააფიქსირეს. მეცნიერების თქმით, ეს ახალშობილი პლანეტის პირველი დადასტურებული გამოსახულებაა.

შავი წრე გამოსახულების ცენტრში ფილტრია, რომელიც ვარსკვლავიდან წამოსულ სინათლეს აბრკოლებს, რათა გამოსახულების სხვა ასპექტების აღქმა უკეთ შევძლოთ. მისგან მარჯვნივ მდებარე განათებული ბურთი კი მტვრით და აირით გარშემორტყმული ახალშობილი პლანეტაა, რომელიც ახალგაზრდა ვარსკვლავს, PDS70-ს არტყამს წრეს. გამოსახულება ევროპის სამხრეთ ობსერვატორიის ძალიან დიდი ტელესკოპითაა გადაღებული, რომელიც ჩილეში მდებარეობს.

აიროვანი გიგანტი, რომელიც მასით იუპიტერს აღემატება, დაახლოებით იმავე მანძილითაა დაშორებული თავის ვარსკვლავს, როგორც ურანი ჩვენს მზეს. ასტრონომების მტკიცებით მისი ატმოსფერო ღრუბლიანია და ზედაპირის ტემპერატურა კი 1000 C-ს უტოლდება.

"ახალგაზრდა ვარსკვლავების გარშემო არსებული დისკები პლანეტების დაბადების ადგილია, მაგრამ აქამდე მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელ დაკვირვებებს დაუფიქსირებიათ მათში ახალშობილი პლანეტების არსებობის ნიშნები. ამ კვლევამ კი საბოლოო მტკიცებულებები მოგვცა",- ამბობს ჟურნალ Astronomy and Astrophysics-ში გამოქვეყნებული კვლევის მთავარი ავტორი მირიამ კეპლერი.

ახალშობილი პლანეტა ვარსკვლავის პროტოპლანეტარულ დისკში მოძრაობს. ეს დისკები ვარსკვლავის დაბადების პროცესის შედეგად მიღებული ნარჩენებისგან შედგება და მათში არსებული მტვრის შერწყმა ახალ პლანეტებს აყალიბებს.

კომენტარები