მკვლელობა ხადას ხეობაში

შსს: მ.კ.-მ მიგვითითა სად მალავდა ბავშვს და აირაღს, ისე ამ ვადაში მკვლელობის გახსნა გაჭირდებოდა

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, ხადას ხეობაში მკვლელობაში ბრალდებულმა გამოძიებასთან ითანამშრომლა და სწორედ ამიტომ გახდა შესაძლებელი მკვლელობის მოკლე ვადაში გახსნა. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის თქმით, ბრალდებულმა გამომძიებლებს თავად აჩვენა ბავშვის ცხედრის გადამალვის ადგილი, ასევე, იარაღის სამალავი.

"რომ არა ბრალდებულის პირდაპირი მითითებები და თანამშრომლობა გამოძიებასთან, გამოძიებას საკმაოდ გაუჭირდებოდა მცირეწლოვნის ცხედრის მიგნება, ვინაიდან ის იყო საკმაოდ რთულ ადგილზე გადამალული", - აღნიშნა მამუკა ჭელიძემ გადაცემა "არჩევანში".

მამუკა ჭელიძე მიიჩნევს, რომ ახლა ბრალდებულის მხრიდან დანაშაულის არ აღიარება დაცვის მხარის ერთგვარი სტრატეგიაა.

მისივე თქმით, მ.კ.-მ განმარტა, რომ მკვლელობის მთავარი მიზეზი ყოფით საკითხთან დაკავშირებით ურთიერთშელაპარაკება იყო. მიუხედავად ამისა, მამუკა ჭელიძე ასევე ამბობს, რომ გამოძიება სხვა ვერსიებზეც მუშაობს, რომელთა დაკონკრეტებისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს.

როგორც უწყების მაღალჩინოსნის განცხადებიდან ირკვევა, შსს არც სხვა პირების ბრალეულობას გამორიცხავს, თუმცა ამ ეტაპზე დადასტურებულად მხოლოდ იმის თქმა შეუძლია, რომ მკვლელობა ერთმა ადამიანმა ჩაიდინა.

მამუკა ჭელიძის თქმით, დანიშნულია არაერთი ექსპერტიზა და ამოღებულია მოკლულების ფოტოაპარატიც, სადაც შესაძლოა, გარკვეული ინფორმაცია ინახებოდეს.

შსს-ს მაღალჩინოსანი ასევე ამბობს, რომ ბრალდებული ბავშვის მკვლელობის მიზეზად ასახელებს იმას, რომ მან მამის მკვლელობა დაინახა.

"საქმეში არსებული ამ დროინდელი მტკიცებულებით შეიძლება, ითქვას, რომ პირველი გასროლა მოხდა მამაკაცის მიმართულებით, შემდეგ მოხდა გასროლა მცირეწლოვანი ბავშვის მიმართულებით. ქალბატონი, რომელიც ამ ყველაფერს შეესწრო, რამდენიმე ასეული მეტრის მოშორებით არის, როგორც ჩანს, გაქცეული და შემდეგ იქ, საკმაოდ რთული რელიეფია, ჩასავარდნი ადგილებია და ზუსტად, იმ ძირში აღმოვაჩინეთ" - თქვა მამუკა ჭელიძემ.

რაც შეეხება შსს-ს თავდაპირველ განცხადებას იმის შესახებ, რომ მოკლულებს ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდათ, მამუკა ჭელიძის განმარტებით, ცხედარი დაზიანებული იყო და ვიზუალური დათვალიერებით არ იძლეოდა იმის თქმის საშუალებას, რომ ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გუშინ, 7 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი 2 ან მეტი პირის, მათ შორის დამნაშავისათვის წინასწარ შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1998 წელს დაბადებული მ.კ დააკავა.

მოკლულები არიან ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ცოლ-ქმარი და მათი 4 წლის შვილი. შსს-ის ცნობით, 112-ზე საქართველოსა და ამერიკის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 2 ადამიანის და მათი 4 წლის შვილის დაკარგვის შესახებ შეტყობინება 6 ივლისს შევიდა. 

შსს-ში აღნიშნავენ, რომ ინტენსიური სამძებრო სამუშაოების შემდეგ სამართალდამცველებმა სოფელ წკერში დაკარგულების კუთვნილი ავტომანქანა და პირადი ნივთები აღმოაჩინეს. ცოლ-ქმრის ცხედარი კი 6 ივლისს, შაბათს იპოვნეს.

უწყების განცხადებით, პირველადი დათვალიერებით არც ერთ დაღუპულს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნებოდა, ამიტომ თავდაპირველად გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო, თუმცა, სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი მონაცემის მიღების შემდეგ, საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დაკავებულმა მ.კ.-მ ჩადენილი დანაშაული აღიარა და სწორედ მასთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის შემდეგ სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს 4 წლის ბავშვის ცხედარიც. 

კომენტარები