ტყიბულის შახტი

კობახიძე: შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობის ახალ ვარიანტს სექტემბერში მივიღებთ

პარლამენტის პრესსამსახური

პარლამენტის თავჯდომარე, ირაკლი კობახიძე, მინდელის შახტაში მომხდარ აფეთქებას გამოეხმაურა.

კობახიძემ შრომის უსაფრთხოების საკითხის გამკაცრების აუცილებლობაზე ისაუბრა და თქვა, რომ მმართველ გუნდს ამ საკითხებთან დაკავშირებით ადრეც ჰქონდა სწორი პოზიცია. მან ცვლილებების ჩაგდებაში, ყოფილი პრემიერი, გიორგი კვირიკაშვილი დაადანაშაულა.

"ჩვენი სურვილი იყო, რომ მაქსიმალურად გაგვემკაცრებინა ჩანაწერები შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, კონსტიტუციის შესაბამის მუხლში და ამასთან დაკავშირებით, ჰქონდა კომისიას ჩამოყალიბებული პოზიცია, თუმცა, შემდეგ დაიკავა საკმაოდ ხისტი პოზიცია მთავრობის ხელმძღვანელობამ",- ამბობს კობახიძე. 

კობახიძემ აღნიშნა, რომ უმრავლესობის მიერ იმჟამინდელი მთავრობის ხელმძღვანელობის პოზიციისთვის ანგარიშის გაწევა არასწორი კომპრომისი იყო.

პარლამენტის თავჯდომარე ამბობს, რომ შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობის ახალი ვარიანტს სექტემბერში მიიღებენ. 

მისივე თქმით, გარდა სტატუსის ცვლილებისა, მნიშვნელოვანია, რომ შეიცვალოს ამ კანონის შინაარსიც.

„ჩვენ რამდენიმე კანონპროექტი უკვე მივიღეთ ამ საკითხთან დაკავშირებით, ასევე, ჰარმონიზაციის პროცესში არის უკვე დაწყებული მსჯელობა ახალ კანონთან დაკავშირებით, მათ შორის, შრომის უსაფრთხოების კანონმა უნდა შეიცვალოს სტატუსი და ეს უნდა გახდეს ორგანული კანონი, რაც ასევე, გააუმჯობესებს დაცვის სტანდარტს. გარდა სტატუსის ცვლილებისა, მნიშვნელოვანია, რომ შინაარსი შეიცვალოს ამ კანონის. ამაზე მუშაობა არის დაწყებული და სექტემბერში აუცილებლად იქნება მიღებული ამ კანონის ახალი ვარიანტი",-აღნიშნა კობახიძემ.

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციის გამო ჭერი ჩამოიშალა, რის შედეგადაც შახტის მიწისქვეშა სამთო ოსტატები - 1961 წელს დაბადებული მ.ლ, 1963 წელს დაბადებული მ.გ, 1988 წელს დაბადებული ლ.ფ და 1961 წელს დაბადებული ი.ქ სხეულის მძიმე დაზიანებებით ადგილზე გარდაიცვალნენ.

 

ტყიბულის შახტში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით 16 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა. გადაწყვეტილება პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მიიღო და შესაბამისი განკარგულებაც გამოსცა. გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვება.

კომენტარები