ტყიბულის შახტი

ნოდია შახტებზე: საკმაოდ ტრაგიკული დილემის წინაშე ვდგავართ

ტყიბულში მეშახტეები რომ იღუპებიან ძალიან დიდი ტრაგედიაა. მაგრამ გააზრებული უნდა გვქონდეს, რა შეიძლება იყოს გამოსავალი. შახტებისა არაფერი გამეგება მაგრამ რასაც ვაკვირდები, რეალური დილემა ასეთია: ან შახტებმა მუშაობა უნდა გააგრძელონ, ოღონდ დარჩება დიდი ალბათობა იმისა, რომ იქ დროდადრო ხალხი დაიღუპება; ან შახტები უნდა დაიხუროს და ბევრი ადამიანი უმუშევარი დარჩეს, რაც მთლიანად იმ რეგიონს ეკონომიკურად ძალიან სერიოზულად დაარტყამს.

როგორც ჩანს, უსაფრთოების დონის თვისობრივად უფრო მაღალ დონეზე აყვანას სჭირდება არა რომელიმე ახალი ინსპექციის შექმნა, არამედ ძალიან სერიოზული ინვესტიციები. თეორიულად შეიძლება, სახელმწიფომ შახტების მფლობელ კომპანიას ასეთი ინვესტიციების გაღება დაავალოს. მაგრამ რატომღაც არა მგონია, ეს შახტები დიდი მოგების მომტანი ბიზნესი იყოს, ამიტომ ასეთი ინვესტიციების გაღებას პატრონს შეიძლება ერჩიოს, სულ შეეშვას ამ შახტებს.

ასევე თეორიულად, მესამე გამოსავალია, რომ სახელმწიფომ შახტების ნაციონალიზაცია მოახდინოს, საჭირო ინვესტიციები თვითონ განახორციელოს და მერე შახტები თვითონ ამუშავოს. ანუ, იმთავითვე წამგებიან და შარიან ბიზნესზე აიღოს პასუხისმგელობა. არა მგონია, რომელიმე მთავრობამ ასეთი სისულელე გააკეთოს. თუნდაც მოდერნიზებულ შახტებში ადრე თუ გვიან ადამიანები ისევ დაიღუპებიან, ოღონდ ახლა „მკვლელი“ აბსტრაქტული „კაპიტალიზმი“ კი არ იქნება, არამედ კონკრეტული მთავრობა.

თუ ვცდები და არაა ასე, ველოდები დასაბუთებას. მაგრამ თუ ასეა, საკმაოდ ტრაგიკული დილემის წინაშე ვდგავართ.

პოლიტოლოგი გია ნოდია შახტების შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს

კომენტარები