ტყიბულის შახტი

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი მზადაა "საქნახშირი" სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცეს

flickr.com

ტყიბულის მაღაროების მფლობელი კომპანია საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი (GIG) მზადაა ბიზნესი უსასყიდლოდ საქართველოს მთავრობას გადასცეს, კომპანიამ ეს გადაწყვეტილება დღეს მომხდარი ტრაგედიის შემდგომ მიიღო. საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი საგანგებო განცხადებაში საჯაროდ აღიარებს რომ მან მრავალი მცდელობის მიუხედავად, ვერ მოიძია შესაბამისი საინჟინრო გადაწყვეტა, რათა სამუშაო პირობები უსაფრთხო გაეხადა.

"მიუხედავად იმისა, რომ “საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა” 2006 წლიდან ათეულობით მილიონიანი ინვესტიცია განახორციელა „საქნახშირში“, აღდგა სრული საწარმოო პროცესი, სრულად შეიცვალა არსებული ინფრასტრუქტურა, დასაქმდა 1400 მეშახტე, ასევე, ბოლო წლებია კომპანია ყველაფერს აკეთებს უსაფრთხოების სისტემების გასაუმჯობესებლად, სამწუხაროდ, ტყიბულის შახტების სპეციფიკიდან გამომდინარე კომპანია „საქნახშირში“ ვერ მოიძებნა ისეთი საინჟინრო გადაწყვეტა, რომელიც ნახშირის მოპოვებას სრულად უსაფრთხოს გახდიდა.

აქედან გამომდინარე, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი გამოთქვამს მზადყოფნას, უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში გაწეული მნიშვნელოვანი დანახარჯების მიუხედავად კომპანია “საქნახშირი” უსასყიდლოდ გადასცეს სახელმწიფოს,"- წერია განცხადებაში.

საქნახშირი დაღუპული მეშახტეების ოჯახებს უსამძიმრებს:

"როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, დღეს, 04:50 საათზე ტყიბულში მინდელის სახელობის შახტში მოხდა ტრაგიკული შემთხვევა, რომლის შედეგადაც 4 მეშახტე გარდაიცვალა, 6 კი დაშავდა. 

“საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი უბედური შემთხვევის გამო და სამძიმარს უცხადებს კომპანია „საქნახშირის“ თანამშრომლებსა და დაღუპული მეშახტეების ოჯახის წევრებს."

დღესვე საქართველოს პერმიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ თქვა, რომ ტყიბულის შახტი გამოძიების დასრულებამდე დაიხურება. ბახტაძე ამბობს, რომ "სახელმწიფო ვერ დაუშვებს თავისი მოქალაქეების საკუთარი მოქალაქეების და სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაუცველობას."

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის შეთავაზების შესახებ საქართველოს მთავრობას კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. 

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი ქვეყანაში ერთ-ერთი უმსხვილესი კერძო დამსაქმებელია, კომპანიის შვილობილ კომპანიებში 4 ათასი ადამიანი მუშაობს, ხოლო კომპანიის ბრუნვა $160 მილიონს შეადგენს. 

GIG საქართველოში ერთადერთი ნახშირის მფლობელი და მწარმოებელი კომპანიაა. არსებული ლიცენზიით კომპანია ტყიბულის ქვანახშირის მარაგის 331 მილიონ ტონაზე მეტ ქვანახშირს ფლობს.

GIG-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ბიზნესმენი დავით ბეჟუაშვილია, კომლანიის დირექტორთა საბჭოს წევრია გელა ბეჟუაშვილიც.

კომენტარები