კორუფცია

საქართველოს უნდა ჰქონდეს დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო - NGO-ების რეკომენდაცია

ტაბულა

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) თავმჯდომარე ქვეყანაა, დღეს თბილისში OGP-ის რიგით მეხუთე სამიტი გაიხსნა. შეხვედრას 70-მდე ქვეყნის 500 წარმომადგენელი ესწრება, მათ შორის საქართველოში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირებიც, რომლებმაც მთავრობასთან მიმართებით მათ რეკომენდაციებზე ისაუბრეს. 

არასამთავრობო ორგანიზაციების - ღია საზოგადოება საქართველო და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ საქართველოს როგორც OGP-ის თავმჯდომარეს მართებს ახალი თაობის ამბიციური რეფორმების ჩატარება, თუმცა ბოლო პერიოდში რეფორმების ტემპი შენელებულია. 

"თუმცა, საქართველომ ვერ გაამართლა პარტნიორობის თავმჯდომარეობასთან დაკავშირებული ამბიციური მოლოდინები. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ მეოთხე სამოქმედო გეგმას აკლია ამბიციური ვალდებულებები. მიუხედავად იმისა, რომ კორუფციასთან ბრძოლა, გლობალური სამიტის ერთ-ერთი გაცხადებული პრიორიტეტული მიმართულებაა,  მთავრობამ სამოქმედო გეგმაში არ გაითვალისწინა სამოქალაქო საზოგადოების მიერ ერთობლივად შეთავაზებული მნიშვნელოვანი რეკომენდაცია დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის თაობაზე,"- ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში

ანტიკორუფციული სამსახური დღეს ძირითადად სუს-ში არის თავმოყრილი. არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ეს გამჭვირვალობის სათანადო სტანდარტს ვერ ქმნის. ანტიკორუფციული სამსახურები დამოუკიდებელი სახით არაერთ ევროპულ სახელმწიფოში, მათ შორის უკრაინაშიც მუშაობს. 

კომენტარები