აშშ-ირანი

მაიკ პომპეო: ირანის რეჟიმი მაფიას უფრო ჰგავს, ვიდრე მთავრობას

მაიკ პომპეო
Getty Image

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ირანის მთავრობა გააკრიტიკა და თქვა, რომ ირანის რეჟიმი "მაფიას უფრო ჰგავს, ვიდრე მთავრობას."

პომპეომ კალიფორნიის შტატში ირანელ ამერიკელებს მიმართა და ირანის პრეზიდენტი ჰასან როუჰანი და საგარეო საქმეთა მინისტრი ჯავად ზარიფი გააკრიტიკა:

"1979 წელს ხელისუფლებაში ძალის გამოყენებით მოსვლის შემდეგ იდეოლოგები კვლავ ინარჩუნებენ ძალაუფლებას და მათ დღეს ირანის საზოგადოების სრულად დამორჩილების სურვილი ამოძრავებთ. რეჟიმს ასევე სურს გაავრცელოს რევოლუცია სხვა ქვეყნებში, მათ შორის ძალის გამოყენებითაც." "რეჟიმისათვის ხალხის კეთილდღეობა და უსაფრთხოება მისაღები მსხვერპლია." "კორუფციის და სიმდიდრის დონე რეჟიმის ლიდერებს შორის აჩვენებს, რომ ირანის მმართველობა უფრო მაფიას ჰგავს, ვიდრე მთავრობას." თქვა პომპეომ.

პომპეოს კრიტიკა ჰასან როუჰანის მიერ გუშინ, ირანელ დიპლომატებთან შეხვედრაზე გაკეთებულ კომენტარს მოჰყვა. ირანის პრეზიდენტმა თქვა, რომ ირანთან ომი "ყველა ომის დედა" იქნება:

"ამერიკამ უნდა იცოდეს, რომ ირანთან მშვიდობა ყველა მშვიდობის დედა, ხოლო ომი ყველა ომის დედა იქნება." "ბატონო ტრამპ, ნუ ეთამაშებით ლომის კუდს. ეს მხოლოდ სინანულს მოგიტანთ." თქვა როუჰანიმ ირანული მედიის მიხედვით.

როუჰანის დონალდ ტრამპიც გამოეხმაურა:

"მივმართავ ირანის პრეზეიდენტს, ჰასან როუჰანის: აღარასოდეს დაემუქროთ ამერიკის შეერთებულ შტატებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ისეთ საპასუხო შედეგებს მიიღებთ, როგორიც მთელი ისტორიის მანძილზე ცოტა თუ მოიძებნება. ჩვენ აღარ ვართ ის ქვეყანა, რომელიც აიტანს თქვენს შეშლილ ძალადობის და სიკვდილის რიტორიკას. ფრთხილად იყავით!" დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა საკუთარ Twitter-ზე.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის მაისში აშშ-მა ირანის ბირთვული შეთანხმება დატოვა და ქვეყანას სანქციებს ხელახლა უწესებს.

კომენტარები