არჩევნები 2018

ბახტაძე: დემოკრატიისთვის იქნება უკეთესი, რომ "ოცნებას" პრეზიდენტობის კანდიდატი არ ჰყავდეს

პარლამენტი

"ამ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ გვაქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში, ჩვენი დემოკრატიისთვის იქნება უკეთესი, რომ ქართულ ოცნებას არ ჰყავდეს თავის საკუთარი კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებზე"- ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. მისი თქმით, გუნდში მიმდინარეობს კონსულტაციები და საბოლოო პოზიციას საზოგადოებას უახლოეს დღეებში აცნობებენ.

"რა თქმა უნდა, ყველა პარტია უნდა აქტიურობდეს არჩევნებზე, მაგრამ მეორეს მხრივ, ქართული ოცნების ფილოსოფია სწორედ ეს გახლავთ - ეს არის საპარლამენტო დემოკრატია, საპარლამენტო რესპუბლიკა. აქედან გამომდინარე არის სწორედ ეს კონსულტაციები. მინდა გითხრათ, რომ ძალიან შინაარსობრივი მსჯელობები მიმდინარეობს ამ საკითხთან დაკავშირებით და როგორც პარტიის თავმჯდომარემ განაცხადა, უახლოეს დღეებში ჩვენ საზოგადოებას შეჯერებულ საბოლოო პოზიციას საზოგადოებას ვაცნობებთ,“- თქვა ბახტაძემ.

იდეა, რომ ქართულ ოცნებას საპრეზიდენტო კანდიდატი არ ჰყავდეს, პარტიის თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. მან პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ეს პოზიცია კონსულტაციების დაწყების პირველი დღიდან ჰქონდა.

"გულწრფელად გეტყვით, თავში შეიძლება არავინ დამიჭირა მხარი, დროში მხარდამჭერების რაოდენობა გაიზარდა. ჩემი პოზიციაა - თუ ჩვენ ჭეშმარიტად და გულწრფელად გვსურს, რომ საქართველო დემოკრატიული მიმართულებით სწრაფად განვითარდეს და დემოკრატიული ინსტიტუტებიც გაღრმავდეს სტაბილურობის მხრივ, გუნდიდან არ დავასახელოთ კანდიდატი. არ დავასახელოთ ელემენტარული მიზეზის გამო, რა თქმა უნდა, გუნდს ეს წაადგება და გუნდის წევრებს ეს მოწონთ, მაგრამ ქვეყნისთვის ჩემი აზრით და ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის უფრო კარგი იქნება. სამწუხაროდ, პარტიებიდან მხარს ვერავის ვერ დავუჭერთ, თუ ღირსეული დამოუკიდებელი კანდიდატი იქნება, დავუჭიროთ, თუ არ იქნება ღირსეული კანდიდატი, არც არავის არ დავუჭიროთ და ოპოზიციამ წაიღოს და გაინაწილოს ეს ინსტიტუტი"- თქვა ბიძინა ივანიშვილმა. 

საპრეზიდენტო არჩევნები ოქტომბერში ჩატარდება. ზუსტი თარიღი პრეზიდენტს ჯერ არ დაუსახელებია. ამ დროისთვის ცნობილია, რომ ევროპული საქართველოს კანდიდატი დავით ბაქრაძე იქნება, ხოლო ათი ოპოზიციური პარტიის სახელით პრეზიდენტობისთვის ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრი გრიგოლ ვაშაძე იბრძოლებს. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა სურს გირჩის ლიდერს ზურაბ ჯაფარიძესაც. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ქართულმა ოცნებამ კანდიდატი არ დაასახელოს და მხარი დამოუკიდებელ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს დაუჭიროს.

კომენტარები