აშშ-ირანი

გავრცელებული ცნობით, ირანმა სპარსეთის ყურეში საზღვაო სამხედრო წვრთნები დაიწყო

AFP

აშშ-ის მთავრობის ანინომურ წყაროზე დაყრდნობით მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ირანმა სპარსეთის ყურეში საზღვაო სამხედრო წვრთნები დაიწყო.

სავარაუდოდ, წვრთნებში 100-ზე მეტი ხომალდია ჩართული. მოსალოდნელია, რომ წვრთნები ერთი კვირის მანძილზე გაგრძელდეს.

შეგახსენებთ, რომ ირანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანის ბირთვული შეთანხმების დატოვების შესახებ გააკეთა განცხადება და თქვა, რომ აშშ ირანს სანქციებს დაუწესებს.

ოფიციალური ვაშინგტონი 2015 წლის შეთანხმების ფარგლებში მოხსნილი სანქციების ნაწილს ირანს ხელახლა 7 აგვისტოს დაუწესებს.

ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის დაპირისპირება გასულ თვეს გაიზარდა.

დონალდ ტრამპი ჰასან როუჰანის მიერ ირანელ დიპლომატებთან შეხვედრაზე გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა, სადაც ირანის პრეზიდენტმა თქვა, რომ ირანთან ომი "ყველა ომის დედა" იქნება: "ამერიკამ უნდა იცოდეს, რომ ირანთან მშვიდობა ყველა მშვიდობის დედა, ხოლო ომი ყველა ომის დედა იქნება." "ბატონო ტრამპ, ნუ ეთამაშებით ლომის კუდს. ეს მხოლოდ სინანულს მოგიტანთ." თქვა როუჰანიმ ირანული მედიის მიხედვით.

ტრამპმა საკუთარ Twitter-ზე დაწერა, რომ ირანის მხრიდან მუქარის გაგრძელების შემთხვევაში ქვეყანა საპასუხო შედეგებს მიიღებს:

"მივმართავ ირანის პრეზეიდენტს, ჰასან როუჰანის: აღარასოდეს დაემუქროთ ამერიკის შეერთებულ შტატებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ისეთ საპასუხო შედეგებს მიიღებთ, როგორიც მთელი ისტორიის მანძილზე ცოტა თუ მოიძებნება. ჩვენ აღარ ვართ ის ქვეყანა, რომელიც აიტანს თქვენს შეშლილ ძალადობის და სიკვდილის რიტორიკას. ფრთხილად იყავით!"

ამის გზავნილიდან 2 დღის შემდეგ, კანზასში გამოსვლისას ტრამპმა თქვა, რომ ამერიკა მზადაა ირანთან "ნამდვილი შეთანხმების" გასაფორმებლად.

"ირანი ის ქვეყანა აღარ არის, რაც იყო. ამის თქმა შემიძლია. დაჩვენ ვნახავთ რა მოხდება მომავალში, მაგრამ ჩვენ მზად ვართ ნამდვილი შეთანხმების მისაღწევად, და არა ისეთის, როგორიც წინა ადმინისტრაციის დროს შედგა და ნამდვილი კატასტროფა იყო." თქვა ტრამპმა.

თუმცა, როგორც ტრამპის ადმინისტრაციაში, ასევე ირანის მთავრობაში უარყოფენ უახლოეს მომავალში ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრის და პირდაპირი მოლაპარაკების პერსპექტივას.

კომენტარები