ტერორიზმი

მაჩალიკაშვილი ტერორისტების ვიდეოზე: არაფერი ვიცი, მაგრამ შეიძლება ყველაფერი მოყვეს

kvirispalitra.ge

პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი პალიტრასთან სატელეფონო კომენტარში ამბობს, რომ ამ ვიდეოს შესახებ მას არაფერი სმენია, თუმცა, თუ ის ადამიანები არ დაისჯებიან, ვის დასჯასაც ის ითხოვს, "შეიძლება ყველაფერი მოჰყვეს", თუმცა, არა მისგან.

"მე ამის შესახებ არაფერი არ მსმენია, როგორც ხედავთ, 7-8 თვის განმავლობაში, ვცდილობ, ყველაფერი კანონის ფარგლებში გავაკეთო, მაგრამ ყველა გზას მიჭრიან. მე არც გამოვრიცხავ და არც ვადასტურებ, იქ სხვა რას ჩაიდენს, არც ვიცი და არც მაინტერესებს. ჩემთვის ეს მიუღებელი რამეა. ამას შეიძლება ყველაფერი მოჰყვეს, თუ დროულად არ იქნება დასჯილი ის ადამიანები, ვისაც მე ვასახელებ, ის სპეცრაზმელიც, გომელაურიც, გოგაშვილიც. თუ ეს ადამიანები არ დაისჯებიან, ამას შეიძლება ყველაფერი მოჰყვეს, მაგრამ ეს ჩემი მხრიდან არ მოხდება, იქიდან გამომდინარე, რომ მე ვცდილობ, ყველაფერი გავაკეთო კანონის ფარგლებში. ვიღაცა ვინ რას გააკეთებს და ვინ რას მოიფიქრებს, მე არ ვიცი. ერთ რამეში ვარ დარწმუნებული, თუ ეს ხალხი არ იქნება დასჯილი, ამას შეიძლება მოჰყვეს სხვანაირი სიტუაცია და სხვანაირი ამბავი", - ამბობს მაჩალიკაშვილი პალიტრასთან

ვიდეოზე, რომელიც პალიტრანიუსმა მოიპოვა და გაავრცელა, ტერორისტები საქართველოს ხელისუფლებას ემუქრებიან. 

"ჩვენი ძმები, რომლებსაც უღალატეს ქართულმა ხელისუფლებამ და დახოცეს. ეს არის ლაფანყურის სპეცოპერაცია - ტერორისტული აქტი საქართველოს ხელისუფლების მიერ. თქვენ დაგვიხოცეთ ძმები!!! ინშა ალლაჰ, სულ მალე ჩვენ დაგიხოცავთ, როგორც თქვენ დაგვიხოცეთ!...

ორი ძმა მოგვიკალით, დაგვიწვით არაფრის გულისათვის. სულ მალე მიიღებთ ამისთვის სასჯელს, ურჯულოებო! გეშინოდეთ ჩვენი, ჩვენ დაგიხოცავთ შვილებს, როგორც მათ დაგვიხოცეს. გაუჩინარებული მაგამედოვი, დიახ, ჩვენ გვახსოვს ეს ყველაფერი. გაბრიელ სალოსის სპეცოპერაცია, აქაც დაგვიხოცეთ ძმები ღალატით და მოტყუებით. ჩვენი მეომრები მზად არიან შურისძიებისთვის, სულ მალე დაგაყრევინებთ დავებს. დაგხოცავთ თქვენივე სახლებში", - ნათქვამია ვიდეოში. 

პალიტრა ნიუსი აღნიშნავს, რომ ვიდეო სავარაუდოდ 2 კვირის წინაა დამზადებული და ერთ-ერთი ვერსით სუს-ის მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე მალხაზ ტ. რომლის აყვანის შესახებ ინფორმაცია ორშაბათს გავრცელდა, კავშირშია ზემოხსენებულ დაჯგუფებასთან.

ტაბულას სუს-ში უთხრეს, რომ ამ ვიდეოს შესახებ ცნობილია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. 

კომენტარები