ლარის გაუფასურება

ბაქრაძე ქობულიას: მინდა შევახსენო, რომ ლარის გაუფასურებას ცხოვრების გაძვირება მოჰყვება

ტაბულა

ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე ეკონომიკის მინისტრ გიორგი ქობულიას პასუხობს. ბაქრაძის შეფასებით, მთავრობას ავიწყდება რომ ლარის გაუფასურებას ცხოვრების გაძვირება მოჰყვება. დღეს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ თქვა, რომ "ლარის გაუფასურება საქართველოს ეკონომიკის უსაფრთხოების ბალიშია."

"დღეს მთავრობის სხდომაზე მოვისმინეთ ეკონომიკის მინისტრის პირველი კომენტარი, რომელიც ცდილობს ხალხს აუხსნას, რომ ლარის კურსის ცვალებადობა და მერყეობა არის კარგი და წინააღმდეგ შემთხვევაში თუ გაუფასურდებოდა თურქული ლირა და არ გაუფასურდებოდა ქართული ლარი, ეს იქნებოდა ცუდი და ამიტომ ლარის კურსის გაუფასურება არის დამცავი ბალიში ქართული ეკონომიკისთის. მინდა პატივცემულ მინისტრს და მთვარობის წევრებს შევახსენო, ლარის კურსის მერყეობა, ლარის კურსის გაუფასურება არის ის მტკივნეული თემა, რომლის გამოც მოსახლეობას გაეზარდა კომუნალური გადასახადი, ბანკის გადასახადი, ძვირდება საკვები პროდუქტები და მედიკამენტები და უახლოეს პერიოდში შეიძლება მოხდეს პურის გაძვირება,"- ამბობს დავით ბაქრაძე.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, თურქული ლირის კურსის გაუფასურებას მისი საექსპორტო პროდუქციის კონკურენტუნარიანობის გაზრდა მოჰყვებოდა, რაც საქართველოს მხრიდან კურსის უცვლელად შენარჩუნების პირობებში თურქულ იმპორტს გაზრდიდა, ამასთანავე შეამცირებდა ქართული ეკონომიკის საექსპორტო პოტენციალს. 

"ეს მერყეობა ჩვენ გვიცავს თავისთავად. თუ ლირა ასე გაუფასურდა და ჩვენი ლარი არის მყარი, ჩვენ დავიწყებთ თურქული საქონლის ყიდვას ძალიან დიდი რაოდენობით, რაც არ გვაწყობს და ჩვენი საქონელი, რომელსაც ვაწარმოებთ, ვეღარ ვაწარმოებთ, რადგან გაძვირდება და ჩვენ ხომ არ გვინდა ეს?! ჩვენ ეროვნულ ბანკთანაც ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს. ჩვენ დადებითად ვაფასებთ მათ პოლიტიკას და მათ საქმიანობას,"- ამბობს ქობულია. 

მსოფლისო ვალუტებს შორის თურქული ლირის ვარდნაზე ყველაზე მკვეთრი რეაქცია ლარს ჰქონდა. ლარის მკვეთრი გაუფასურება 10 აგვისტოს დაიწყო, როდესაც ლირამ მორიგ ისტორიულ მინიმუმს მიაღწია. 

საინვესტიციო ბანკ Galt & Taggart-ის პროგნოზით, 2018 წლის ბოლოსთვის ლარის კურსი დოლართან მიმართებით 2.70-ს მიაღწევს. ბანკი აქამდე წლის ბოლოსთვის 2.60-იან კურსს პროგნოზირებდა, თუმცა ლირას ვარდნის საპასუხოდ ლარის მკვეთრი გაუფასურების გამო პროგნოზი 2.70-მდე გაზარდა.  

კომენტარები