აშშ-ირანი

ზარიფი: აშშ ირანის ისლამური რესპუბლიკის დამხობას ცდილობს, მაგრამ ვერ შეძლებს

ჯავად ზარიფი
Reuters

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯავად ზარიფმა თქვა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ირანის ისლამური რესპუბლიკის დასამხობად სპეციალური სამოქმედო ჯგუფი არსებობს, თუმცა ისინი მიზანს ვერ მიაღწევენ.

ზარიფი ირანის დემოკრატიულად არჩეული პრემიერმინისტრის, მოჰამედ მოსადიკის დამხობიდან 65 წლისთავზე გამოვიდა სიტყვით და დონალდ ტრამპის მიერ ხელახლა დაწესებული სანქციები 1953 წლის მოვლენებს შეადარა. ზარიფის თქმით ირანი ისტორიის გამეორებას არ დაუშვებს.

"65 წლის წინ აშშ-მა დაამხო დემოკრატიულად არჩეული მთავრობა, აღადგინა დიქტატურა და დამორჩილებული ჰყავდა ირანელები 25 წლის მანძილზე. ახლა "სამოქმედო ჯგუფი" ოცნებობს მოახდინოს იგივე ზეწოლა, დეზინფორმაცია და დემაგოგია. აღარასოდეს." დაწერა მან საკუთარ Twitter-ზე.

შეგახსენებთ, რომ ირანთან დაკავშირებულ საკითხებზე შექმნილი სამოქმედო ჯგუფის სპეციალურ წამომადგენლად აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ბრაიან ჰუკი დანიშნა.

აშშ-მა ირანს 2015 წელს ბირთვული შეთანხმების ფარგლებში მოხსნილი სანქციები ხელახლა დაუწესა.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2015 წლის შეთანხმების დატოვების და სანქციების აღდგენის გადაწყვეტილება მიმდინარე წლის მაისში მიიღო.

სანქციები მოიცავს შეზღუდვებს ამერიკული ვალუტის შეძენაზე, ირანული ვალუტით ტრანზაქციებზე, ოქროთი და სხვა ძვირფასი მეტალებით ვაჭრობაზე, ალუმინზე, მეტალზე, ქვანახშირზე, ინდუსტრიული პროცესებისათვის გამოყენებად პროგრამებსა და საავტომობილო სექტორზე.

4 ნოემბრამდე, შესაძლოა, ირანს ახალი სანქციებიც დაუწესდეს, რომელიც ირანული ნავთობსა და საბანკო სექტორზე სანქციებს მოიცავს.

ეკონომიკური სანქციების ხელახლა დაწესებას ირანის რამდენიმე ქალაქში მასშტაბური საპროტესტო აქციები და დემონსტრანტებსა და რეჟიმის ძალებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

კომენტარები